"გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებას,"- ოპოზიციის მიერ დღეს 15:00-ზე დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მანიფესტანტებმა უნდა გაითვალისწინონ ის ზომები, რომლებიც ეპიდემიური ვითარების ფარგლებში არის დაწესებული.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით მშვიანობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ.
ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხისათვის სრულად ნათელის მოფენას,"- განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადათვლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ "უპრეცედენტოდ" ბევრი უბანის გადათვლა ხდება, კერძოდ კი 30-მდე უბნის შედეგები თავიდან დაითვალეს.
"უპრეცენდენტო რაოდენობის უბნები უკვე გადათვლილია, მათ შორის საოლქო კომისიებში და ასევე სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას. ეს პროცესი გრძელდება დღესაც და გაგრძელდება სააპელაციო სასამართლოშიც.
ჩემი ინფორმაციით, უკვე დაახლოებით 30-მდე უბანი გადათვლილია, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა და საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასოდეს გადათვლილა, რაც აჩვენებს რომ ღიაობის ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ და საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა კობახიძემ.




























