მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოკაინის წარმოება გაიზარდა - UNODC გაერო

641468306f4d4
ქრისტინე შამათავა
17.03.23 17:23
529
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოვიდპანდემიის პერიოდთან შედარებით გლობალური მასშტაბით კოკაინის წარმოება დრამატულად გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წელთან შედარებით 2021 წელს წარმოება 35%-ით გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია 2016 წლის შემდეგ. ზრდა განპირობებულა, როგორც კოკაინის ბუჩქების კულტივაციის კიდევ უფრო გაფართოებით, ისე ბუჩქების კოკაინის ჰიდროქლორიდად გადაქცევის პროცესის გაუმჯობესებით.

მიწოდების ზრდასთან ერთად გაიზარდა კოკაინზე მოთხოვნაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში, რამდენიმე რეგიონში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, ნარკოტიკების ბაზარი ძირითადად ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ნაწილშია კონცენტრირებული, თუმცა გაფართოების პოტენციალი შეინიშნება აფრიკასა და აზიაში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთელ მსოფლიოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ კოკაინის გადაზიდვის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 2021 წელს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის 2000 ტონას მიაღწია.

"აფრიკასა და აზიაში კოკაინის ბაზრის გაფართოების პოტენციალი საშიში რეალობაა. მოვუწოდებ მთავრობებს და სხვებს, ყურადღებით შეისწავლონ ანგარიშის დასკვნები, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება ამ ტრანსნაციონალურ საფრთხეს ტრანსნაციონალური რეაგირებით შეხვდნენ“- განაცხადა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნები - განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაშია - სულ უფრო ხშირად გამოიყენება ნარკოტიკების გადატანისთვის სატრანზიტო ზონებად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები