2023 წელს კოლუმბიაში დეფორესტიზაცია (გაუტყეურება) 36%-ით, 23-წლიან მინიმუმამდე შემცირდა, რაც ამაზონის რეგიონში გარემოზე ზემოქმედების შემთხვევების შემცირებით აიხსნება - ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში 2023 წელს ტყის საფარის 792 კმ² ფართობი გაიჩეხა, 2022 წელს კი - 1235 კმ². განადგურებული მწვანე საფარის ძირითადი ნაწილი - 443 კმ² - ამაზონზე მოდის, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 712 კმ² იყო.
კოლუმბია მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ათასობით ენდემურ მცენარესა და ცხოველს ითვლის. თუმცა, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში, კოლუმბია ყოველწლიურად კარგავს მწვანე საფარის მნიშვნელოვან ნაწილს. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მემარცხენე პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს განცხადებით, გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. კოლუმბია მდიდარ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააუქმონ მათი საგარეო ვალი, სანაცვლოდ კი ქვეყნის ხელისუფლება ამაზონის ჯუნგლების მსგავსი ტერიტორიების შენარჩუნებაზე იზრუნებს, რაც, კლიმატის კრიზისის პრევენციას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად 2023 წლის პოზიტიური შედეგებისა, კოლუმბიის გარემოს დაცვის მინისტრი, სუსანა მუჰამადი აცხადებს, რომ, მშრალი კლიმატისა და “ელ-ნინიოს” ფენომენის გაძლიერების გამო, 2024 წელს დეფორესტიზაციის მაჩვენებლები გაიზრდება.