მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა მინისტრთა მოადგილეების პრემიების დაწესებას და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ლიმიტის ზრდას მხარი დაუჭირა

ფული

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საჯარო მოსამსახურეებისთვის ადგენს წახალისების მექანიზმს, რომელიც დამსახურების მიხედვით გაიცემა. ეს შეიძლება იყოს ზეგანაკვეთური სამუშაო ან ღამის საათებში მუშაობა. უფრო დეტალურად, მოადგილეებისთვის 20%-ის დანამატს და 10%-ის პრემიას აწესებს.

"კანონით დადგენილი ზღვრები, რომელიც გულისხმობს სახელფასო დანამატის შემთხვევაში წლიური სარგოს 20%-ს რომ არ უნდა აღემატებოდეს და ფულადი ჯილდოს შემთხვევაში რომ არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ეს, რასაკვირველია, შენარჩუნებული იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული აქ ჩამოთვლილი თანამდებობის პირის შემთხვევაში სრულად იქნება ათვისებული წლის განმავლობაში. შესაძლებელია რომელიმე მათგანს საერთოდ არ მიეცეს, რომელიმეს წელიწადში ერთხელ მიეცეს, ან გააჩნია იმ ასე ვთქვათ, წინაპირობას, რომელიც კანონით გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

2026 წლის მდგომარეობით, მინისტრის მოადგილის ხელფასი წლიურად 139,200 ლარს შეადგენს, შესაბამისად მოადგილეებს დამატებით 28,000 ლარამდე დანამატის და 13,920 ლარის პრემიის მიღება შეეძლებათ.

ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 15%-ს, ნაცვლად - არსებული 10%-ისა (გარდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებისა, სადაც შეზღუდვა კვლავ 10%-ით განისაზღვრება).

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, რომლებიც მანამდე საჯარო მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, განისაზღვრნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და შესაბამისად, გაიზარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობაც. მისივე თქმით, კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოხდება არსებული რეალობის კანონმდებლობაში ასახვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები