წერეთლის გამზირის ვადაში დასრულება 24-საათიანი მუშა რეჟიმის პროცესშია შესაძლებელი, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ “ჯეუ გრუპის" დირექტორმა გიორგი თავართქილაძემ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა, რომელთა შორის “ჯეუ გრუპიც" არის. კონტრაქტების ღირებულება 17.5 მილიონი ლარია და ის კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება: “ბლექ სი გრუპი” - 4 მილიონი ლარი; “პარმა” - 5.6 მილიონი ლარი; “ენკო” - 3.5 მილიონი ლარი; “ჯეუ გრუპი” - 4.4 მილიონი ლარი.
“ჯეუ გრუპის" დირექტორის თქმით, მიმდინარე წელის 31 იანვრამდე საგზაო ნაწილის გახსნა შესაძლებელია. მან ასევე ისაუბრა, რა მდგომარეობა დახვდათ ადგილზე და მთლიანი სამუშაოს რა ნაწილია დარჩენილი.
„ის ძირითადი სამუშაოებია გასაკეთებელი, რომელიც უშუალოდ მოასფალტების სამუშაოებს მოიცავს. ამ ვადაში პროექტის დასრულება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო მონაწილეობას არც მივიღებდით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პირდაპირი საქმე ინფრასტრუქტურული პროექტების კეთებაა და ნებისმიერი გამოწვევა ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. 24-საათიანი მუშა რეჟიმის პროცესში ამ ვადაში ამ ობიექტის დასრულება რეალურია", - თქვა მან.
გიორგი თავართქილაძეს პასუხი არ აქვს, რას შეიძლება გაერთულებინა სამუშაოების ვადაში დასრულება, რადგან როგორც ის ამბობს, ამისთვის, მინიმუმ, სამუშაოების პროცესში უნდა ყოფილიყო ჩართული.
კითხვას, რომ ხშირად კონტრაქტორი კომპანიები ვადების გახანგრძლივებას კომუნიკაციების მოწყობაზე პასუხისმგებელი კომპანიების მხრიდან სამუშაოების გაჭიანურების გამოც ითხოვენ, ეს რამდენად შეიძლება პრობლემად ჩავთვალოთ, მან შემდეგნაირად უპასუხა:
„არ ვიცი წერეთლის გამზირზე რამდენად შეაფერხა კომუნიკაციებმა საგზაო ინფრასტრუქტურაზე მომუშავე კომპანიები, რადგან არ ვყოფილვარ პროცესში ჩართული. ჩვენ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაგვიკეთებია და როცა კომუნიკაციები მუშაობენ იმ პერიოდში საგზაო სამუშაოები ვერ მიმდინარეობს და შემდეგ უკვე რა ვადებიც იძლევა დამკვეთის მხრიდან, იქიდან გამომდინარე ხდება რესურსის განსაზღვრა. მუშა პროცესში რა თქმა უნდა ხელის შეშლა არის, რადგან ძალიან მასშტაბური სამუშაოებია, მაგრამ სხვა პროექტებზე ძირეული გადაცდენები ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა", - განაცხადა მან.
გიორგი თავართქილაძეს გამოწვევად, ის გარემოება ესახება, რომ კომპანიების მიერ შესრულებული პროექტები საბოლოოდ პოლიტიკური პრიზმიდან განიხილება და პრობლემის გადაწყვეტა სისტემურად არ ხდება.
„ჩვენ, ინფრასტრუქტურული კომპანიები ძირითადად სახელმწიფო დაკვეთებზე ვმუშაობთ, თუმცა ჩვენ კერძო კომპანიები ვართ, რომლებსაც ბიზნესხედვა და განვითარების გეგმა გვაქვს, მაგრამ ყველა ჩვენი შესრულებული პროექტი საბოლოოდ პოლიტიკური პრიზმიდან განიხილება, იმის მაგივრად, რომ სისტემურად მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა,როგორც ევროპულ ქვეყნებში ხდება. უნდა მოხდეს ტენდერების გამსხვილება, რომ მენეჯმენტ კომპანიებმა შეძლონ ამ პროექტების მართვა და პატარა კომპანიები იყვნენ სპეციალიზებული კომპანიები და სწორად მოხდეს იმ რესურსის გადანაწილება და მართვა, რომელიც ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა მან.
კითხვას, ბევრი კომპანიაა გამოცდილი, რომელიც პროექტს ხელს მოკიდებდა და წარმატებით დაასრულებდა? მან უპასუხა, რომ არა, "მაგრამ პროექტებიც არ არის იმდენად მასშტაბური, რომ კომპანიამ გრძელვადიანი გათვლები გააკეთოს".
„ბევრი კომპანია არ არის ჩვენს რეალობაში გამოცდილი და ძლიერი. ქვეყანაც არ არის დიდი, რომ ბევრი დიდი კომპანია იყოს. პროექტებიც არ არის იმდენად მასშტაბური, რომ გრძელვადიანი გათვლები გააკეთო და გრძელვადიანად კადრების განვითარება მოახდინო და ჩამოაყალიბო პროფესიული სასწავლებლები. ეს ყველაფერი პროექტების სიდიდეზეა დამოკიდებული, რომ მერე უკვე ფინანსურ ინსტიტუტებთანაც დალაგებული ურთიერთობა გქონდეს და კადრების გადამზადება მოხდეს, რაც საბოლოოდ ქვეყანას დიდი პროექტების განსახორციელებლად უფრო დიდ რესურსს მისცემს.
ამიტომაც ვახსენე, რომ ტენდერების გამსხვილება შესაძლებელია, რომ რამდენიმე ძლიერი, დიდი კომპანია შეიქმნას და გამწევი ძალა გახდეს ინფრასტრუქტურული სექტორის, რომელსაც მიებმება ის ყველა პატარა კომპანია, რომელიც სპეციალიზებულად იქნება განვითარებული, ზოგი ასფალტის დაგებაზე, ბორდიურის მოწმობაზე და ა.შ და ეს საბოლოოდ მთლიანად დარგს განავითარებს", - განაცხადა “ჯეუ გრუპის" დირექტორმა.