მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიებს ადეკვატური ვადები უნდა მივცეთ, პროექტის შეცვლა რომ არ გახდეს საჭირო" - ასოციაცია

ანა საბახტარაშვილი

მერია ახლად რეაბილიტირებული ავლაბრის მეტროს გასახსნელად ემზადება, სადაც სამუშაოები 2024 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. კალაძე თავს იწონებს პროექტით, თუმცა აღიარებს, რომ გამოცდილების არქონის გამო, ბიზნესებს მეტროს რეაბილიტაციის პროექტირებისას პრობლემები ექმნებათ, რაც საბოლოო ჯამში, დათქმული ვადების გაჭიანურებას იწვევს. პროექტში ცვლილებების გამო დროულად ვერ დასრულდა არაერთი პროექტი, მათ შორის მთაწმინდა-რუსთაველის საბაგირო, ამ დრომდე კითხვის ნიშნებია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზეც, სადაც კონტრაქტორი წინასწარ შედგენილი პროექტის კორექტირებას ელოდება.

მშენებელი კომპანიები ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები მხოლოდ მეტროსადგურების რეაბილიტაციისას არ ფიქსირდება და ეს პრობლემა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც აჭიანურებს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ მთავარი პრობლემა შემსყიდველი კომპანიების მხრიდან ტენდერით დადგენილი შემჭიდროებული ვადებია, რა პერიოდშიც საპროექტო კომპანიები ხარისხიანი დოკუმენტაციის მომზადებას ვერ ასწრებენ. ანა საბახტარიშვილის თქმით, ნაჩქარევად მომზადებული პროექტები ხშირად ცვლილებებს საჭიროებს, რაც სამშენებლო კომპანიებს აფერხებს.

“პროექტირების ეტაპი ზოგადად სწრაფად და მარტივად გაივლის ხოლმე და ალბათ, ეს არის მთავარი პრობლემა. ის, რომ პროექტები სწრაფად, არც თუ ისე მაღალ ღირებულებაში და არც თუ ისე დეტალურად კეთდება, იწვევს მომზადებული დოკუმენტაციის შეცვლის საჭიროებას. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც მომზადებული პროექტის კორექტირება ხორციელდება, სამშენებლო კომპანია გაჩერებულია და ვერ ახორციელებს სამუშაოებს, მას ეთვლება ეს ვადაში და როგორც წესი, პროექტის ვადის გახანგრძლივება სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობად ჩანს ხოლმე. მაშინ როცა ბევრ შემთხვევაში სწორედ პროექტის შეცვლის საჭიროებამ განაპირობა პროექტის გახანგრძლივება", - ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა საბახტარიშვილი.

კითხვაზე, სად არის გამოსავალი, იმისთვის, რომ მომზადებული დოკუმენტაციის შეცვლის საჭიროება მუდმივად დღის წესრიგში არ იყოს, საბახტარიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ტენდერის გამოცხადებისას საპროექტო კომპანიებისთვის ადეკვატური ფასი და ვადა დადგინდეს.

“არ უნდა ვიჩქაროთ პროექტირებისას და ადეკვატური ვადები უნდა მივცეთ საპროექტო კომპანიებს. მესმის, რომ აქაც ტენდერი და რევერსული აუქციონით ხდება მოგება, და ხშირად არაადეკვატური ფასით ცხადდება ტენდერებიც. გამარჯვებულიც ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანია ხდება, ხარისხის კონტროლის მექანიზმი არ არის. ამ კომპანიების აკრედიტაცია არ ხდება, შესაბამისად, როგორ მომსახურებას მიაწვდის შემსყიდველს, ამის შემოწმება ვერ ხდება, რაც შავი ყუთია", - განმარტავს ანა საბახტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები