საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლისა და ვაჭრობისკენ მოუწოდებს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორი დაკვირვებიდან აქტიურ რეჟიმში გადავა, რადგან უკვე დადებულმა გარიგებებმა აჩვენა, რომ ამ პროცესს კომპანიებისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
როგორც მაია მელიქიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი 2025 წელს საათობრივი დაბალანსების ამოქმედებამდე პროცესს შეეჩვიონ.
„აუცილებელია ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლა და ვაჭრობა. ივლისში სექტორი აქტიურად დაკვირვების რეჟიმში იყო. რაც შეეხება აგვისტოს, უკვე გვაქვს გარკვეული ხელშესახები შედეგები გარიგებებთან დაკავშირებით. არის დღეები, როდესაც საერთოდ არ არის გარიგება, თუმცა არის დღეები, როდესაც რამდენიმე გარიგება იდება. ყველაფერი მიდის პროგრესისკენ. ის შიში, რომელიც არსებობდა კერძო სექტორის მხრიდან, ახლა უკვე აშკარად დაჰეჯირებულია და ეს ფაქტი გადალახულია.
ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ 6-ჯერ გადადებული ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი წლის თავზე, უკვე სხვადასხვა ინსტრუმენტებიც გააქტიურდება. მოვუწოდებ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ბირჟაზე შევიდნენ. ყველა ის რისკი, რომელიც შესაძლოა, რომ იყოს თანმდევი, შესაძლებელია დაჰეჯირდეს მანამდე, სანამ უბალანსობის ბაზარი გაეშვება. ვინაიდან, უბალანსობის ბაზარი, რომლის გაშვებაც მომავალ წელს არის დაგეგმილი, ითვალისწინებ გარკვეულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ფინანსური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ვაჭრობის პროცესს - რეგისტრაციის გავლას, გარიგებების დადებას შეეჩვიოს კერძო სექტორი“,- ამბობს მაია მელიქიძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს იქნება შეხვედრა, სადაც ბირჟის 3 თვის შედეგები შეჯამდება და შემდეგ, კერძო სექტორის მხრიდან წარედგინება სამინისტროს ინიციატივები ბირჟის შემდგომი განვითარებისთვის.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. ბაზარს 13 მონაწილე ჰყავს:
- სს ენერგო-პრო ჯორჯია;
- სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
- შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია;
- სს თელასი;
- შპს ლილო-მოლი;
- სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
- შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
- შპს რიცეულაჰესი;
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
- შპს სვანეთი ჰიდრო;
- შპს ჰიდრო ჯორჯია;
- შპს კასლეთი 2;
- შპს გეოენერჯი.