მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომუნიკაციების კომისია MVNO-ების განვითარების შესაძლებლობების კვლევაზე იწყებს მუშაობას - ეკა სიჭინავა

MVNO

კომუნიკაციების კომისია მობილური ვირტუალური ოპერატორების განვითარების შესაძლებლობების კვლევაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ COMCOM-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა სიჭინავამ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“ მონაწილეობის ფარგლებში განაცხადა.

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ქვეყნის ციფრულ ჰაბად ქცევის კონტექსტშიც განიხილა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ციფრული სატრანზიტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის და რომ სწორედ ამ მიზნისთვის, კომუნიკაციების კომისია MVNO-ების განვითარების შესაძლებლობების კვლევას იწყებს:

„ვაცნობიერებთ რა ციფრული ტრანსფორმაციის აქტიურად მიმდინარე პროცესში ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობას, კომუნიკაციების კომისია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწყებს მუშაობას მობილური ვირტუალური ოპერატორების განვითარების შესაძლებლობების კვლევაზე, რამაც უნდა წარმოაჩინოს ფინტექის, ციფრული ეკონომიკის და ციფრული სერვისების განვითარების ფონზე, რა მიმართულებებით შეიძლება განვითარდნენ ახალი მოდელის ოპერატორები საქართველოში.“ - განაცხადა მან.

„როგორც წესი, MVNO-ები არა ტელეკომ სერვისების რეპლიკაციაზე, არამედ ნიშური სერვისების განვითარებაზე ორიენტირდებიან, რა კუთხითაც წამყვანი ადგილი ფინანსური სერვისების განვითარებას უჭირავს. კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ ბაზრის გახსნას და მობილური ვირტუალური ოპერატორებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერის მოხსნას უზრუნველყოფს.“ - დასძინა მან.

ეკა სიჭინავას თქმით, „ტელეკომ სერვისების განვითარება პირდაპირ ნიშნავს ციფრული ფინანსური სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, შესაბამისად, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ტელეკომ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ციფრული სერვისების განვითარების ბაზისი და მათი მომხმარებლამდე მიტანის საშუალებაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგის საინვესტიციო გარემოს განვითარება და ჯანსაღი მარეგულირებელი გარემოს შექმნა, რომ კონკურენციის ზრდამ და მომსახურებებზე დაფუძნებულმა კონკურენციამ უზრუნველყოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტურად წარმართვა". მისივე თქმით, ამ პროცესში ხელშესახებ პროგრესს ისეთი ფაქტორები უზრუნველყოფენ, როგორებიცაა 5G, ოპტიკური ტექნოლოგიებისა და სატელიტური ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობა, ასევე, მომხმარებლებში ციფრული უნარების განვითარება, რაზეც კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები