კახა ბექაურს უფლებამოსილება ამოეწურა და ის კომუნიკაციების კომისიაში გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა, რომელიც დღეიდან 6 წლის ვადით კომუნიკაციების კომისიის წევრი იქნება.
კომისია გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ გოგა გულორდავას 26-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო და კერძო სექტორში. კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, იგი ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020-2025 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. თავდაპირველად გენერალური დირექტორის მრჩევლის, შემდგომ კი შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობაზე.
2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2013-2016 წლებში — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2011-2013 წლებში იგი საქართველო-ისრაელის ერთობლივი სამედიცინო კლინიკა „ოქსფორდ-მედიკალ ჯორჯიას“ დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2009-2011 წლებში შპს „მედია ალიანსში“ იურისტად მუშაობდა.
მანამდე, გოგა გულორდავა „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი იყო, 2008-2009 წლებში კი თბილისის იურიდიულ ცენტრში (TLC) იურისტის პოზიციაზე საქმიანობდა. 2000-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის — მთავარი ინსპექტორისა და წამყვანი კონტროლიორის თანამდებობებზე.
პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია. 1995-2000 წლებში მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა პერიოდში გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ-სა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დამტკიცებისას მის კონკურენტებს ვლადიმერ ტატიშვილს მხარი 19-მდა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 იყო, ილია მიქელაიშვილს კი 36 მომხრე ჰყავდა ამ კანდიდატურაზე, 4-მა ხმა მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა. 77 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთია 2025 წლის 9 დეკემბერს გამართული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები გულორდავას შემთხვევაში.
კომისიის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, წლიური ხელფასი 192 269 ლარიდან იწყება რაც თვიური 16 000+ ლარია] და თავმჯდომარის შემთხვევაში 202 310 აღწევს.



























