ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე სამი კანდიდატიდან გოგა გულორდავა შეარჩია.
გულორდავას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტები იქნება ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება, მომხმარებელზე დადებითი ეფექტის უზრუნველყოფა და მედია პლურალიზმის დაცვა.
"ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის ხელშეწყობა ბაზარზე, რეალური კონკურენციის, რაც თავის მხრივ აისახება თითოეულ მომხმარებელზე. კონკურენცია საშუალებას აძლევს თითოეულ მომხმარებელს მიიღოს უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, უკეთეს ფასად. ასევე, კონკურენცია ხელს უწყობს ოპერატორებს, თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ და მეტი ინვესტიცია მოახდინონ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.
მედია სფეროში გამოწვევები რჩება – მიკერძოებულობა, ყალბი ამბების გავრცელება. ჩვენი მიზანია, კომისიამ უზრუნველყოს საუკეთესო ინტერესები ჩვენი მოსახლეობის და გამოხატვის თავისუფლება.
მნიშვნელოვანია დარგისთვის სამართლიანი თამაშის წესების შეთავაზება, საკანონმდებლო დონეზეც თანამშრომლობა პარლამენტთან და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა, რათა მომხმარებლებმა სრულად იცოდნენ, რა ხდება სფეროში და რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა გულორდავამ.
გულორდავა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
მისი საქმიანი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოში და უცხოეთში (ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია). ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
- 2000–2007 წწ. – საქართველოს კონტროლის პალატა, მთავარი კონტროლიორი.
- 2009–2012 წწ. – კერძო სექტორი, იურისტი.
- 2012 წ. – „საქართველოს სატყეო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი.
- 2013 წ. – საქართველო–ისრაელის ერთობლივი სამედიცინო კლინიკა „ოქსფორდ-მედიკალ ჯორჯიას“ დირექტორი.
- 2013 წ. – იყო წალენჯიხის გამგებელი.
- 2014 წლიდან 2016 წლამდე - პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წალენჯიხის საოლქო ორგანიზაცია, თავმჯდომარე;
- 2016-2020 - პარლამენტის წევრი.
კომუნიკაციების კომისიაში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უწყებას თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ეწურება. კახი ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს კომისიას. 2023 წლის იანვარში ის მესამედ აირჩიეს. მანამდე, 2014–2017 წლებში კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.
2019 წლამდე კანონი კომისიის თავმჯდომარის ერთი და იმავე პირის მიერ ორჯერ დაკავებას კრძალავდა, თუმცა შესაბამისი ცვლილების შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნა.
"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრძანება გამოსცა, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნა. ბრძანება ძალაში შევიდა 2025 წლის 17 ნოემბერს.
ვინ შეარჩევს კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრს?
"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.
საქმე ის არის, რომ კომისიის წევრობის ვადა უახლოეს პერიოდში კომისიის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება, რომელიც უკვე მეორე ვადით არის წევრი და თავმჯდომარე. ასევე, ვადა გასდის ვახტანგ აბაშიძესაც, თუმცა კონკურსი მხოლოდ ერთ წევრზეა გამოცხადებული



























