სპეციალურმა კომისიამ კომუნიკაციების კომისიის წევრობისთვის სამი კანდიდატი ვლადიმერ ტატიშვილი, გოგა გულორდავა და ილია მიქელაიშვილი შეარჩია. მათი განაცხადები კომისიაში ვაკანტური ადგილის შესავსებად გამოცხადებულ ღია კონკურსზე შევიდა, რომელიც 17 ოქტომბერს გამოცხადდა. საბუთების მიღების ბოლო ვადა 15 ნოემბერი იყო.
- გოგა გულორდავა - "ოცნების" საარჩევნო სიით საქართველოს IX მოწვევის პარლამენტარი;
- ვლადიმერ ტატიშვილი - 2022-2025 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი;
- ილია მიქელაიშვილი - შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსი“ დამფუძნებელი და დირექტორი.
კომუნიკაციების კომისიაში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უწყებას თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ეწურება. კახი ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს კომისიას. 2023 წლის იანვარში ის მესამედ აირჩიეს. მანამდე, 2014–2017 წლებში კომისიის წევრი იყო, 2012 წელს კი ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა.
2019 წლამდე კანონი კომისიის თავმჯდომარის ერთი და იმავე პირის მიერ ორჯერ დაკავებას კრძალავდა, თუმცა შესაბამისი ცვლილების შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნა.
"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრძანება გამოსცა, რომლითაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნა. ბრძანება ძალაში შევიდა 2025 წლის 17 ნოემბერს.
საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:
- ნუგზარ რუხაძე — ჟურნალისტი;
- ზურაბ ტაბიძე — შპს „ალტას“ დამფუძნებელი;
- თალიკო ჟვანია — სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი.
ვინ შეარჩევს კომუნიკაციების კომისიის ახალ წევრს?
"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.
საქმე ის არის, რომ კომისიის წევრობის ვადა უახლოეს პერიოდში კომისიის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ეწურება, რომელიც უკვე მეორე ვადით არის წევრი და თავმჯდომარე. ასევე, ვადა გასდის ვახტანგ აბაშიძესაც, თუმცა კონკურსი მხოლოდ ერთ წევრზეა გამოცხადებული




























