მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში"

5e46fa2300e08
BM.GE
14.02.20 23:41
830
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციაში საქართველოდან დიდი დელეგაცია მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაშიც ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებიან.

„ყველას გვაქვს ჩვენი შეხვედრების განრიგი და ამ სამ დღეს მთავრობის თითოეული წევრი ძალიან აქტიურად გამოიყენებს. კონფერენციის გახსნით სიტყვაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შესახებაც და თქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის ის ნარატივი და ის თემა, რაზეც ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშნელოვანი შეხვედრა გაიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივან მარკ ესპერთან, რომელზეც დეტალურად იყო განხილული როგორც უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები.

„2019 წლის ნოემბერში გადახალისდა ის პროგრამები, რომლებშიც აშშ-თან ვთანამშრომლობთ. ასევე განვიხილეთ საქართველოს წვლილი ავღანეთსა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ეს იყო ძირითადი შეხვედრა იმისთვის, რომ დაგვეგეგმა უახლოეს წლებში თანამშრომლობის გეგმები პირველ რიგში უსაფრთხოებისა და თავდაცვის განზომილებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ასევე გაიმართა სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა საქართველოს როლს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში.

„უკვე აშკარად ჩანს საქართველოს მზარდი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ისევე როგორც კიბერუსაფრთხოების ნაწილში. ეს ის მიმართულებებია, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება და საქართველო უნდა იყოს სანდო და სტაბილური პარტნიორი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, როგორც წესი, ყოველწლიურად იმართება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, 2008 წლის ომის პერიოდში მომხდარი ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტები და მოქალაქეების მიმართ კატასტროფული ჰუმანიტარული დარღვევები მაქსიმალურად სწრაფად იყოს გამოძიებული.

„შეხვედრისას აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს კატასტროფული დარღვევები მაქსიმალურად სწრაფად იყოს გამოძიებული, დადასტურებული ჰააგის სასამართლოს მიერ და საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები