მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში - საიდან აქვს საქართველოს ტურისტების მოზიდვის შანსი?|მოსაზრება

შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის აზრით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, აზიიდან საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა უფრო რეალისტურია, ვიდრე - ევროპიდან.

„ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისთვის გეოგრაფიული აღქმა ხშირად ბუნდოვანია. უკრაინის ომის შემდეგ, ბევრს საქართველოც საომარ ზონად მიაჩნდა. ახლა კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთშიც კონფლიქტია, რუკაზე ჩვენი რეგიონი გარშემორტყმულია "წითელი წერტილებით". ძალიან რთულია დაარწმუნო ევროპელი ტურისტი, რომ საქართველოში დასვენება უსაფრთხოა, როდესაც კონფლიქტის კერა სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია. სწორედ ამიტომ, დიდი ეჭვი მეპარება, ევროპიდან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს“, - თქვა ჰოტელიერმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში საქართველოს პოპულარიზაციაზე €1.8 მილიონს დახარჯავს

თუმცა შალვა ალავერდაშილის თქმითვე, პირველ რიგში, აუცილებელია ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლმა სახელმწიფომ გაუზიაროს ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა ტურიზმის ადმინისტრაციამ, ტურისტების მოსაზიდად, მარკეტინგული აქტივობები შესაბამისად დაგეგმოს.

„ამ ეტაპზე აუცილებელია ერთიანი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტურისტული კომპანიებისგან სრული ინფორმაციის მიღება: საიდან შემოდიან ნაკადები, რა რესურსები გვაქვს და როგორია უცხოელი პარტნიორების უკუკავშირი (feedback). მნიშვნელობა არ აქვს ინდივიდუალურ კონტაქტებს - ახლა საჭიროა საერთო სურათის დანახვა. უნდა გავაანალიზოთ პარტნიორების მოლოდინები: აპირებენ თუ არა სტუმრების ჩამოყვანას, რა ტიპის გარანტიებს ითხოვენ და რატომ იკავებენ თავს. ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ ეს მონაცემები და ვისაუბროთ იმ რეალობაზე, რომლის წინაშეც დღეს სექტორი აღმოჩნდა... დროა, ერთად მოქმედების ტურიზმის ინდუსტრიასა და სახელმწიფოს [ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაცია] შორის“, - აცხადებს ჰოტელიერი.

"[ტურიზმში] სრული სვლით მივდივართ აზიისკენ" - აცხადებდა „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელი 2026 წლის დასაწყისში „წერტილში“, ამიტომ კიდევ ერთხელ ვკითხეთ, არის თუ არა გამოსავალი ისევ აზიიდან ტურისტების მოზიდვის გაძლიერებაში.

„მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის და ინდოეთის ბაზარი: შეიძლება, საჭიროა ფრენების რაოდენობის გაზრდა და აგრესიული მარკეტინგი. ამ ქვეყნების მასშტაბები იძლევა შანსს, რომ დანაკლისი სწრაფად შეივსოს... ასევე, საინტერესოა ყაზახეთის ბაზარი - მარტის ბოლოს (18-30 მარტი) აღინიშნება ნოვრუზი - მუსულმანური ახალი წელი. ეს არის უდიდესი შანსი ქართული სასტუმროებისთვის, რომ ყაზახეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებით შეავსონ ცარიელი ნომრები“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, შემცირებული ტურისტული ნაკადების ჩამნაცვლებელი, ნაწილობრივ, შეიძლება შიდა ტურისტები აღმოჩნდნენ. ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსაკუთრებული აქცენტი ახლა შიდა ტურიზმზე უნდა გავაკეთოთ, რაშიც სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.

თუ საზღვარგარეთ გამგზავრების შიში გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა, არჩევანი კვლავ ადგილობრივ კურორტებზე შეაჩერონ - ამ ალტერნატივას შალვა ალავერდაშვილიც ხედავს და ამბობს, რომ სასტუმროებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სპეციალურ პაკეტებზე, რათა მაისიდან მაინც მოხდეს სექტორის "გაცოცხლება" ადგილობრივი რესურსით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები