აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო დროებითი ბიუჯეტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს.
დოკუმენტი მთავრობის დაფინანსებისა და მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად ორპარტიული კონსენსუსის საფუძველზე იქნა მიღებული. დროებითი ბიუჯეტი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად უკვე გაეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელების მომხრე რესპუბლიკელების რიცხვი იკლებს, ლიდერების მხრიდან კვლავ არის დაპირება, რომ მომდევნო კვირებში საკითხი გადაიხედება. სულ ცოტა ხნის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების გაწევის განზრახვაზე განაცხადა. ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარება ჯამურად 133 მილიარდ დოლარს აღწევს.