მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკრეტულ უნივერსიტეტებში, რომელი შენობების საჭიროებაც არ იქნება, მოხდება მათი პრივატიზება - მიქანაძე

გივი მიქანაძე

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ კონკრეტული უნივერსიტეტების იმ შენობების პრივატიზება მოხდება, რომელთა საჭიროებაც არ იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობების ნაწილის გაყიდვის საკითხს ეხებოდა. ~

გივი მიქანაძის განმარტებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების კონკრეტული შენობების შესაძლო პრივატიზების საკითხი ინდივიდუალურად, შესაბამის უნივერსიტეტებთან კონსულტაციის საფუძველზე გადაწყდება.

"რაც შეეხება კონკრეტულ შენობებს [პრივატიზებას], აქ შესაბამის უნივერსიტეტებთან იქნება გამართული კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით ზოგადად, ჩვენ ვთქვით, რომ ის შენობები, რომელთა საჭიროებაც არ იქნება კონკრეტულ უნივერსიტეტებთან მიმართებით, მოხდება მათი პრივატიზება. რომელზე კონკრეტულად ახლა დასახელება გამიჭირდება “, - განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძემ გაიმეორა ის, რაც იქამდე რამდენიმე წუთით ადრე კობახიძემ თქვა, რომ სტატუსის მქონე შენობებს არ შეეხებიან.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ნაწილი სასწავლო პროცესის და საქმიანობის, როდესაც აშენდება რუსთავთან ახლოს ქალაქი, შეიძლება დავარქვათ საუნივერსიტეტო ქალაქი (პირობითად), გადავა სახელმწიფო უნივერსიტეტების ნაწილი იქ, ხოლო ნაწილი იქიდან გამომდინარე, თუ რომელი შენობები იქნება შენარჩუნებული მათი ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოხდება მათი ინფრასტრუქტურულად გაძლიერება, შესაბამისად, და ისინი თავის ფუნქციონირებას დედაქალაქში, ცენტრალურ ნაწილში გააგრძელებენ“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოძველებული საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა რჩება, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. მიქანაძე ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით მიიღეს გადაწყვეტილება, ქუთაისსა და თბილისში, რამდენიმე წლის პერიოდში, აშენდეს ახალი კომპლექსები, რომლებიც გააერთიანებს სასწავლო კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებსა და რეკრეაციულ ზონებს.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით,ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ შეცვალა, ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროფილის მქონე სპეციალობები დარჩება, ახალ სტუდენტებს ამ მიმართულებებზე უნივერსიტეტი აღარ მიიღებს, არსებული პროგრამები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მილევად რეჟიმში გადავა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.

უფრო დეტალურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში ჯამურად 316,192 კვადრატული მეტრის უძრავი ქონებაა. მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსების ფართობი 60,313 კვადრატულ მეტრს შეადგენს, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე — 214,550 კვადრატულ მეტრს, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე — 11,353 კვადრატულ მეტრს.

თსუ-ს ასევე ეკუთვნის 10,555 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 10,100 კვადრატული მეტრის ფართობი დაბა კოჯორში და 6,747 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ რუსთავში.

ამასთან, 2025 წლის დეკემბერში, მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ-მ უსასყიდლოდ გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე მეშვიდე კორპუსი, რომლის ფართობიც 8,335 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში მთავრობამ IBSU-ს გაუცვალა აეროპორტის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაში.

რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი უძრავი ქონება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ჯამური ფართობი 85,473 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები