"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება.
კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში, პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება, რადგან ისინი „თსუ-ს იდენტობის ნაწილია“. მისი თქმით, ცვლილებები ასევე არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს.
„თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ შევეხებით პირველ და მეორე კორპუსებს, რადგან ეს შენობები არიან თსუ-ს იდენტობის ნაწილი. ასევე, არ ვეხებით სამედიცინო უნივერსიტეტსაც. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, ამაზე გვქონდა დღეს საუბარი... კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა სტუ-ს ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე. აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით,ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ შეცვალა, ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროფილის მქონე სპეციალობები დარჩება, ახალ სტუდენტებს ამ მიმართულებებზე უნივერსიტეტი აღარ მიიღებს, არსებული პროგრამები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მილევად რეჟიმში გადავა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვან მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.
უფრო დეტალურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში ჯამურად 316,192 კვადრატული მეტრის უძრავი ქონებაა. მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსების ფართობი 60,313 კვადრატულ მეტრს შეადგენს, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე — 214,550 კვადრატულ მეტრს, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე — 11,353 კვადრატულ მეტრს.
თსუ-ს ასევე ეკუთვნის 10,555 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 10,100 კვადრატული მეტრის ფართობი დაბა კოჯორში და 6,747 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ რუსთავში.
ამასთან, 2025 წლის დეკემბერში, მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ-მ უსასყიდლოდ გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე მეშვიდე კორპუსი, რომლის ფართობიც 8,335 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში მთავრობამ IBSU-ს გაუცვალა აეროპორტის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაში.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი უძრავი ქონება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ჯამური ფართობი 85,473 კვადრატულ მეტრს შეადგენს.




























