მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის შესწავლის შედეგებს, სავარაუდოდ, ივნისში გაასაჯაროებს

644a51faad087
ინგა მურუსიძე
27.04.23 15:07
663
კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის შესწავლის შედეგებს სავარაუდოდ, ივნისში გაასაჯაროებს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანიებთან სააგენტოს მუდმივ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია და გასაჯაროებამდე დასკვნა სწორედ მათ გადაეგზავნებათ.

„2022 წელს დავიწყეთ საწვავის ფასების მონიტორინგი. 2022 წლის 8 თვეში კომპანიებმა აჩვენეს განსხვავებული ქცევა წინა წლებთან შედარებით, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ფაქტორების გავლენით ყველგან და მათ შორის ჩვენთან ფასები იყო მაღალ ნიშნულზე. აქ იყო ორი გარემოება - ერთი უკავშირდებოდა გაიაფებული იმპორტის შემოდინებას და აქედან გამომდინარე რიგ კომპანიებს შეეძლოთ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება, თუმცა ეს არ მოხდა, კლების პროცესი დროულად არ აისახა ქართულ ბაზარზე.

ერთი კონკრეტული კომპანიის შემთხვევაში დაფიქსირდა ფაქტი, როცა კომპანია საწყობებიდან საწვავის რეალიზაციას ახდენდა კონკურენტ კომპანიებზე უფრო იაფად, ვიდრე თავის ქსელში ყიდდა. ეს ორი გარემოება გახდა საფუძველი, რომ დაგვეწყო მოკვლევა შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტზე ხუთი კომპანიის მიმართ, რომელიც ყველაზე დიდი რეალიზატორია. მოკვლევა აგვისტოში დაიწყო და დოკუმენტი პრაქტიკულად მზად არის, რომელიც გადაიგზავნება კომპანიებთან, მათი მოსაზრებების და განმარტებების მისაღებად, თუმცა აქამდეც არაერთხელ შევხვდით მათ. ვფიქრობთ, დოკუმენტი ივნისში მზად იქნება გასაჯაროებისთვის“, - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე ფასები საკმაოდ დადებით დინამიკას აჩვენებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რეგულარის ტიპის საწვავი 2.25-2.35 ლარის ფარგლებშია, თუმცა პერიოდულად აქციებია, ლოიალური ბარათების მომხმარებლის ფასდაკლებებიც მოქმედებს და მოქალაქეები სარგებელს იღებენ აქედან. გასულ თვეში დიზელის საწვავი გაიაფდა იმპორტის ხარჯზე, რაც აგროსექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფასები მთლიანობაში პოზიტიურია. ვფიქრობთ, გარდა საგარეო ფაქტორებისა, ჩვენი მხრიდან მოკვლევის დაწყებამაც შეუწყო ხელი ფასების დასტაბილურებას“, - თქვა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ აგვისტოში საწვავის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების - "სოკარის", "ლუკოილის", "რომპეტროლის", "ვისოლის" და "გალფის" მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის საგანი იყო „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ამკრძალავი მოთხოვნების შესაძლო დარღვევის ფაქტების შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები