მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კონკურენციის სააგენტოსაც მივმართავთ” – “ფარმაცევტული ასოციაცია“ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს

63f87abd5bea9
თინათინ ნატმელაძე
24.02.23 13:11
741
„ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმის შესახებ, თუ რას ემსახურება მსგავსი ტიპის კომუნიკაცია სამინისტროს მხრიდან. დიდი ალბათობით, კონკურენციის სააგენტოსაც მივმართავთ, ხომ არ იზღუდება რომელიმე კომპანიის სამეწარმეო საქმიანობა და კონკურენტული გარემო,“ - ამის შესახებ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცალკეულ ფარმაცევტულ კომპანიების არაკეთილსინდისიერ ქმედებაში და ფასების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ადგილი ჰქონდა თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად მატებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ გასული წლის დეკემბრიდან თურქეთში მედიკამენტების ფასი თითქმის 37%-ით გაიზარდა, რამაც საქართველოს ბაზარზეც იმოქმედა.

„თურქეთის ბაზრის გახსნამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სარგებელი მოიტანა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამ ბაზრის გახსნის შესახებ ტელევიზიით გაიგეს და შემდეგ, უპრეცედენტოდ მოკლე დროში ამ მედიკამენტების საკმაოდ ფართო ასორტიმენტის ბაზარზე შემოტანა მოახერხეს. მედიკამენტების შემოტანა, განსაკუთრებით კი ახალი ბაზრიდან, საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესებთანაა დაკავშირებული.

თუმცა, გასულ წელს, დეკემბრის პერიოდში, თურქეთში არსებული ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, ამ მედიკამენტების საფასური სერიოზულად გადაიხედა, თითქმის ყველა რეგულირებადი მედიკამენტის საფასური გაიზარდა და შესაბამისად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში ეს პროდუქცია გაძვირებული ფასით შემოდის“, - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

მისივე ცნობით, არცერთი ფარმაცევტული კომპანია რეფერენტული ფასების შესახებ კანონით მიღებული რეგულაციის დარღვევას არ აპირებს, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ კანონის მიღების პროცესში სამინისტრომ მათი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

„ისეთი მაღალი ჯარიმებია ამ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, რომ არცერთ კომპანიას თავში არ მოუვა, რომ ეს რეგულაცია დაარღვიოს. ეს განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს, შეუძლიათ თავად კონკურენციის სააგენტოს დასკვნა ამოიღონ, რომელიც წლების განმავლობაში ატარებდა მონიტორინგს და ნახავენ, რომ ფარმაცევტული კომპანიები მაღალ მარჟაზე არ მუშაობენ და მათი მოგების მარჟა 40-45%-ს შორის მერყეობს.

ჩვენ აუცილებლად მივესალმებოდით ამ რეფორმას, უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ამ შეცდომით და არასწორად დადებული ფასებით, მაღალი დონის ევროპული კომპანიების წარმოებული ევროპული მედიკამენტები ქართული ბაზრიდან გამქრალიყო.

საერთო ჯამში, ამ კანონმა ბაზარზე თავი უნდა დაიმკვიდროს, კონკურენციის პირობები უნდა გამოიაროს და მოთხოვნამ საფასური უნდა დაარეგულიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გაშეშებულ ფასს“, - განმარტავს „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასის დაწესების რეგულაცია ძალაში 15 თებერვლიდან შევიდა, დანარჩენ ნაწილზე კი 18 მარტიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები