"ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გარკვეული თამაშის წესების დაწესება" - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია "ემსიბი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ალექსანდრე რატიშვილმა პარლამენტის ფასების დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
დღეს, პარლამენტის დროებითი კომისია, კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განიხილავს.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ დღეს მწარმოებელსა და საცალო ქსელების ურთიერთობაში არათანაბარი, უსამართლო თამაშის პირობები მოქმედებს, რაც ადგილობრივ მეწარმეებს აზარალებს. მისი მტკიცებით, ვაჭრობა ერთადერთი დარგია, რომელიც არ რეგულირდება და სექტორში არსებული ერთადერთი ინსტიტუცია კონკურენციის სააგენტოა, რომელიც უფუნქციოა.
"ეკონომიკური პროცესი მრავალკომპონენტიანია და წარმოების გარდა იქ არის, მომარაგება, გაყიდვები, შესყიდვები, საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობები - საბოლოოდ, ეს ყველაფერი ერთად მიდის ეკონომიკური პროცესის მწვერვალში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფასს. ყველაზე დიდი პრობლემა მწარმოებლების შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობაა. ასიმეტრიული ურთიერთობებიდან გამომდინარე ადგილი აქვს წლობით მიმწოდებლების მიმართ იმდენად ასიმეტრიული - არათანაბარი და უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ განვითარებასა და წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი. თუ ამ საკითხს არ მივხედავთ, ჩემი წარმოებაც და ბევრი სხვაც, ხვალ - ზეგ გაკოტრების პირას ვიქნებით.
ჩემთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გარკვეული თამაშის წესების დაწესება. რასაც მე ვხედავ, ეკონომიკა ისეთი პროცესია, რომ გარკვეული რეგულირება სჭირდება, ისევე როგორც სხვადასხვა დარგებში, ერთადერთი დარგია ვაჭრობა, სადაც არაფერი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში ჩართული ერთადერთი ინსტიტუტი - როგორ არის ჩართული ეს შემდეგი დისკუსიის საგანია, ეს კონკურენციის სააგენტოა, რომლის საქმიანობის შედეგებით, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ ხელმძღვანელობას, მაგრამ სამწუხაროდ, უფუნქციო დაწესებულებაა", - განაცხადა რატიშვილმა.
"ემსიბი ჯორჯიას" დამფუძნებელი ყველა იმ კომპონენტს ასახელებს, რაც მისი თქმით, მიწოდების პროცესში პროდუქციის ფასის გაზრდას იწვევს.
"ქსელში შესვლის ბარიერებს ცივილიზებული ტერმინი აქვს - კომერციული პირობები, რომლის მთავარი კომპონენტი ე.წ. ქეშბექია, მეორე კომპონენტია შესვლის გადასახადი, მესამე - ადგილზე თაროს გადასახადი, მეოთხე - ვალდებულება, რამდენ მაღაზიასაც გახსნიან ყველგან უნდა შეხვიდე, მეხუთე კომპონენტია - მათ რა ფასადაც მიაწვდი, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო. მეექვსე - გადახდის ვადები ერთი თვიდან 45 დღემდე, განსაკუთრებით პრობლემებია პურ-პროდუქტებზე და რძეზე - პროდუქტები, რომლებიც 1-2 დღეში იყიდება. ნარჩენს უპირობოდ ვიბრუნებთ და დარჩენილ თანხას, რომელიც მათთან უკვე შესულია, 45 დღეში გვიხდიან. პირდაპირ ქეშის წაღება კომპანიიდან უზარმაზარი პრობლემაა. ამ კაპიტალის შესავსებად მივდივართ ბანკში, მათ კი ყოველგვარი პროცენტის გარეშე საბრუნავი კაპიტალი აქვს. სხვადასხვა რიტეილს სხვადასხვა პირობები აქვს.
ურთიერთობების დაბალანსების შემთხვევაში, მწარმოებლის მხრიდან ფასები ცალსახად შემცირდება. თუ ეს ყველაფერი მოიხსნება, ეს ყველაფერი ფასში აისახება", - განაცხადა ბიზნესმენმა და აღნიშნა, რომ არიან ქსელები, სადაც ქეშბექები და თანხის გადახდის პირობებიც მწარმოებლისთვის მისაღებია.




























