საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კერხერის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. უწყების დასკვნით, კომპანია მომხმარებლებს პროდუქციის შესახებ არასრულყოფილ და ზოგ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას აწვდიდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კერხერი“ მომხმარებლებს არ აწვდიდა სრულყოფილ ინფორმაციას შეძენილი პროდუქციის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.
სააგენტოს შეფასებით, კომპანიის სავაჭრო პოლიტიკა რიგ შემთხვევებში „ილუზორულ“ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, მომხმარებლებს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომელიც თავად მოვაჭრის ოფიციალური პოლიტიკის საპირისპირო იყო. მაგალითად მომხმარებლებს ეუბნებოდნენ, თითქოს გარკვეულ აქსესუარებზე საგარანტიო პირობები არ ვრცელდებოდა.
„აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპებს და არსებითად აზიანებდა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შესწავლის შედეგად დადასტურდა შემდეგი დარღვევები:
- მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევა;
- ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობა;
- უსამართლო კომერციული საქმიანობა.
კანონმდებლობის თანახმად, ნივთის შეძენამდე მომხმარებლის უფლებაა, მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო.
კონკურენციის სააგენტომ შპს „კერხერს“ დაავალა, ერთთვიან ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
დადგენილ ვადაში დავალების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, „კერხერს“ დაეკისრება ჯარიმა. სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომპანიის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ჯარიმის დაკისრება კომპანიას გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.




























