მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმის მონაწილეობის რესურსს ანაკლიის პროექტში ვერ ვხედავთ - თურნავა

5ec798e6f012f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.20 13:38
1386
კონსორციუმის მონაწილეობის რესურსს პროექტში ვერ ვხედავთ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მონაწილეობაზე მთავრობის პოზიციას შეეხებოდა.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კონსორციუმს პროექტი აქამდე უნდა დაესრულებინა და ახლა იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, ახალი ინვესტორი უნდა მოიძებნოს.

"ჩვენ ვერ ვხედავთ კონსორციუმთან ამ პროექტის გაგრძელების პოტენციალს. ეს პროექტი კონსორციუმთან ერთად აქამდე უკვე უნდა ყოფილიყო განხორციელებული, ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ლიბერალური მიდგომისა და მხარდაჭერისა, ძალიან დაგვიანდა პროექტის განხორციელება, ამიტომ ამ კონსორციუმის მონაწილეობის რესურს პროექტში ვერ ვხედავთ. პირიქით, იმისთვის, რომ პროექტი წარმატებით წავიდეს წინ, ჩვენ მანდ უნდა ვეძებოთ ახალი საინვესტიციო პოტენციალი, ახალი კონფიგურაცია და ახალი ინვესტორები, ძალიან დიდი იმედი მაქვს, დაინტერესდებიან ამ პროექტით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ჟურნალისტებმა ნათია თურნავას ამერიკელი კონგრესმენის ადამ კირზინგერის განცხადების შეფასებაც სთხოვეს, რომელიც ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს უწოდებს.

"ვიზიარებთ ამ შეფასებას, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის სტრატეგიულობით აიხსნება ის მხარდამჭერი მიდგომა, რასაც ხელისუფლება აქამდეც იჩენდა პროექტის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, მივუბრუნდებით ტენდერის ორგანიზების პროცესს.

ჩვენ მზად ვართ, რომ თუკი რაიმე გაურკვევლობის შეგრძნება დარჩა (ადამ კირზინგერს), მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობ, არაფერია აქ გაურკვეველი. ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი. ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ კონტრიბუციას ვთავაზობთ პოტენციურ ინვესტორებს ამ პროექტში და ყოფილ ინვესტორებსაც ვთავაზობდით. ეს არაერთხელ გვითქვამს: ეს იყო მიწის გადაცემა, ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აშენების ჩვენ თავზე აღება, იურიდიული მხარდაჭერა, ჩვენი ლიბერალური მიდგომა ვადების მიმართ და ა.შ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და როდესაც ჩვენ დავრწმუნდით საბოლოოდ, რომ წინა ინვესტორები ამ კონფიგურაციით ვერ ახერხებდნენ წინ წაწევას, ჩვენ ახლაც კვლავ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ მათ ორგანიზება გაგვიწიონ ტენდერის ხელახლა გამჭირვალედ ორგანიზებაში. თუ რაიმე დეტალი აინტერესებს კიდევ ვისმეს, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ძალიან გახსნილები ვართ და მზად ვართ, მივაწოდოთ დამატებითი დეტალები ამ პროცესზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ კონსორციუმი მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები