მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი ლიმიტზეა, პორტის გაფართოების პროექტზე კვლავ მთავრობის პასუხს ველით - APM Terminals

ფოთის პორტი

APM Terminals-ი ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე მთავრობისგან კვლავ გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, ფოთის ნავსადგური უკვე კონტეინერების დამუშავების ლიმიტზეა მისული, შესაბამისად, პორტის ინფრასტრუქტურა გაფართოებას საჭიროებს.

ზვიად ჩხარტიშვილი მთავრობასთან მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ APM Terminals-ი ნავსადგურის გაფართოების სამუშაოების დასაწყებად მზადაა.

„ჩვენი გამოწვევა ნავსადგურის გაფართოების პროექტია, რასაც ჩვენ კვლავ ველოდებით სახელმწიფოსგან. [ეს პროექტი] კვლავ იგივე ეტაპზე არის, ჩვენ სახელმწიფოსგან პასუხს ველოდებით. ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისის მშრალი პორტი გაიხსნა, საუბარი არის, რომ როდესაც უკვე ყველა ეტაპი დასრულდება, 200 000 TEU კონტეინერს დაამუშავებს ტერმინალი. აგრეთვე ამ პროექტში ჩართულია აბუ დაბის პორტი. მათ სავარაუდოდ, გათვლილი ექნებათ დამატებითი ნაკადებიც. იმ დროს, როდესაც ფოთის ნავსადგური უკვე კონტეინერების დამუშავების ლიმიტზეა მისული, რა თქმა უნდა, უშუალოდ ამ პორტის განვითარებისთვისაც საჭიროა ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტიც.

კრიტიკული შეკითხვებით ჩვენ ერთმანეთს უკვე აღარ მივმართავთ, ჩვენ მზად ვართ [პროექტის] განსახორციელებლად და ველოდებით სახელმწიფოს. ჩვენ ახალი ტერმინალიც შევიძინეთ და ჩვენ ტერიტორია 50 000 TEU-თი გავზარდეთ, მაგრამ შიდა გადაადგილებებით, თუნდაც ტექნოლოგიური ცვლილებებით რთულია მაქსიმალური შედეგის მიღწევა. ჩვენ საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტში გვჭირდება [გაფართოების პროექტი], არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიანად შუა დერეფანს მისცემდა საშუალებას, რომ იყოს უფრო კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

გასული წლის მარტში ფოთის პორტის მმართველი კომპანია აცხადებდა, რომ პორტის გაფართოებაში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდებოდა. ეკონომიკის მინისტრი კი აღნიშნავდა, რომ გაჭიანურების მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები