8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 9 დათქმის შესრულებით გასცა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებაა.
“ნეტგაზეთმა” მთავრობის მიერ ევროკომისიისთვის ჯერ კიდევ სექტემბერში შეთავაზებული სამოქმედო გეგმა მოიპოვა, რომელიც ნაბიჯების გადადგმას 7 მიმართულებით ითვალისწინებს. ესენია:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების დაცვა
- კონკურენციის პოლიტიკა
- მართლმსაჯულება
- ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა
- პოლიტიკური პარტიების ფინანსური დაფინანსების მონიტორინგი
- მედია
სამოქმედო გეგმაში ჩამოთვლილია როგორც ამ სფეროებში უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე შემდგომი აქტივობები.
კორუფცია
კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში სამომავლო აქტივობები ითვალისწინებს ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს და სხვა ანტიკორუფციული ორგანოების შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ შორის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის გზით.
სამოქმედო გეგმის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს უფლებამოსილება მიენიჭება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში.
სამთავრობო გეგმის თანახმად, ჩამოყალიბდება ანტიკორუფციული პოლიტიკის სტრატეგიული ჩარჩო შემდეგი დოკუმენტებისგან: ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.
სახელმწიფო შესყიდვები
ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები ახალი რეგულაციების დამტკიცებას მოიცავს, რომელიც ხელშემკვრელ ორგანოებს ბაზრის კვლევის შედეგების და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დოკუმენტების ატვირთვას დაავალდებულებს, რათა შემცირდეს შესყიდვის პირობების მორგება კონკრეტულ პირზე/ეკონომიკურ ოპერატორზე. გარდა ამისა, დამტკიცდება ქვეკონტრაქტორების გამჟღავნების ახალი რეგულაციები და შავ სიაში მყოფი ეკონომიკური აქტორები სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებიდან გამოირიცხებიან.
მართლმსაჯულება
გარდა სასამართლო დამოუკიდებლობისა და მთლიანობის ასპექტები, რომლებიც ევროკავშირის მესამე პრიორიტეტის შესრულებით არის გათვალისწინებული, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში განსხვავებული ნაბიჯებია განხილული:
- მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა გონივრულ ვადებში დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;
- საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა, რისთვისაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემუშავება და ხელშეწყობა, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია;
- სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობა;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების დახვეწა;
- მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება;
- სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი განვითარება;
- სასამართლოს მიმართ ნდობის შემდგომი გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის გაზრდის გზით; სასამართლოების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება;
- და სხვა;
მედია
ქართული მხარე, პირველ რიგში, მედია მფლობელობის შესახებ ევროკავშირის/ევროპის საბჭოს შესაბამისი კანონმდებლობის სკრინინგს და ანალიზს აპირებს, შემდეგ კი გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიღებით.
აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ და პარტნიორებად სამოქმედო გეგმაში დასახელებულია საქართველოს პარლამენტი, კომუნიკაციების კომისია, მედია კომპანიები და ევროპის საბჭო.
წყარო: ცნობილია, რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამთავრობო გეგმა