“კოვიდ-გარემოში ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ ინტერესი იზრდება", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სადაზღვევო პოლისებზე ფასების ზრდის მიზეზი ლარის კურსის არასტაბილურობა და მაღალი ინფლაციაა.
“მიუხედავად ყველაფრისა, პანდემიის დროს სადაზღვევო სექტორში სტაბილურობის შენარჩუნება კარგი შედეგია. ამ სექტორში მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ამ თემაზე წლის ბოლოს უნდა ვისაუბროთ. თუმცა, პირველადი შეფასებით, სექტორში მოგება წლის ბოლოს იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე 2019 წელს. ფაქტობრივად არცერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ხელშემწყობი ღონისძიება ჯერ არ ხორციელდება. მეტიც, მთავრობა დაზღვევას თავისი ეკონომიკური რისკების სამართავად არ იყენებს. სადაზღვევო დარგი არ ჩამოქცეულა, პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს, მაგრამ მარტივი მდგომარეობა მაინც არ არის. ვითარების დასტაბილურება დამოკიდებულია იმაზე, როდის აღმოვჩნდებით პოსტ კოვიდ-ვითარებაში.
ეკონომიკის განვითარებაზე ვართ დამოკიდებულები. ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა რაოდენობაში ის საბოლოო ჯამში მაინც მცირეა.” - განმარტა ხეჩინაშვილმა.
ცნობისთვის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის 6 თვის სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პირდაპირი პრემიის მოცულობამ 448.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სამედიცინო დაზღვევაზე 194.9 მლნ ლარი მოდის, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.7%-ით აღემატება.