მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციებია სადაზღვევო სექტორში? - დევი ხეჩინაშვილის განმარტება

ხეჩინაშვილი

სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხეჩინაშვილი BM.GE - სთან სადაზღვევო სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა კვლავ ლიდერ პოზიციას იკავებს.

მისი განმარტებით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი დაზღვევით, დაახლოებით 700 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს, საიდანაც 40% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.

„საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 40% არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევის თვალსაზრისით, ჩვენ სერიოზული პოზიციები გვაქვს, მათ შორის საერთაშორისო შედარებებშიც. ნებაყოფლობითი დაზღვევით 700 000 -ზე მეტი ადამიანია დაზღვეული. ვფიქრობ, საჭიროა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩასმა, რაც ახლა არ არის. თუმცა, 700 000 ადამიანი 3,5 მლნ-დან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

სხვა მიმართულებებით მდგომარეობა არის უარესი. მაგალითად, მანქანა საქართველოში 1,7 მლნ მანქანიდან დაახლოებით 130000 მანქანაა დაზღვეული. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სადაზღვევო ბაზარი დიდია ან პატარა, არამედ ნიშნავს იმას, რომ დაუცველია როგორც კორპორაციული სფერო, ისე ინდივიდიუალური პირები. ამიტომ, ამ კუთხით წინ წაწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

სადაზღვევო სფეროს ზრდა უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე საშუალო ზრდა კერძო სექტორში, რაც ცუდი ციფრი არ არის. საშუალოდ 15%-იანი ზრდა წელიწადში ცუდი არ არის, ეს ინფლაციაზე მეტიცაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამოცანების და სოციალური დაცვის ამოცანების შესრულებისთვის საკმარისი არ არის“,- აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი შეფასებით, საქართველოში დაზღვევის ტრადიცია არ არის, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში დაზღვევის გარეშე ოპერირება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

„ტრადიცია რომ არ არის დაზღვევის, ეს ნათელია. განვითარებულ ქვეყნებში, იქ დაზღვევის გარეშე ოპერირება შეუძლებლად მიაჩნიათ. მეორეს მხრივ, პრიორეტიზაციას აკეთებენ ბიუჯეტიდან გამომდინარე, დაზღვევაზე რამდენი დახარჯონ. აქ ჯანმრთელობის დაზღვევა ლოგიკურია, რომ ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ჩვენ გვაქვს პრობლემური სისტემა, რომ კერძო დაზღვევის მიღების შემთხვევაში, პირები საყოველთაო დაზღვევას კარგავენ. მიუხედავად ამისა, ასი ათასობით ადამიანი დგამს ნაბიჯს, ფაქტობრივად უარს ამბობს სახელმწიფო დაფინანსებაზე და კერძო დაზღვევაში მიდის.

ამ 700 000 დაზღვეული ადამიანიდან 600 000 ადამიანი არის ასეთი, რომელმაც საყოველთაო დაზღვევაზე უარი თქვა“,- განმარტავს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები