კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია შევარდნაძე“ დროები ილუქება. გარდა ამისა, ტერიტორიის მფლობელი 2000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ bm.ge-ს შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, წუხელ გვიან ღამით, ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ ობიექტზე აკრძალული სოციალური ღონისძიება, სავარაუდოდ, ქორწილი იმართებოდა.
„სოციალური ღონისძიების გამართვა უკვე კრიტიკული შეუსაბამობაა. არ აქვს მნიშვნელობა, ნათლობა იქნება თუ ქორწილი, ეს არის კრიტიკული შეუსაბამობა. 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია“, - განუცხადეს bm.ge-ს შრომის ინსპექციის სამსახურში.
ცნობისთვის: ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის 5 ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა. მათი ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და მასშტაბური გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია.
Bm.ge-მ „გარდენია შევარდნაძესთან“ დაკავშირებაც სცადა, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხები ვერ მიიღო.