მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრეატიული ინდუსტრია "რუსული კანონის" წინააღმდეგ - როგორია მოლოდინები?

კრეატიული ინდუსტრია

გასულ კვირას, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა კომპანიას, რომლებმაც მხარი რუსულ კანონს დაუჭირეს.

კომპანია Postred Academy-ის ხელმძღვანელი, ანი ცინცაძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, რომ მათი მომხმარებლების 98% ევროპელი და ამერიკელები არიან. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ქვეყნის და ნებისმიერ ინდუსტრიის განვითარებას ემსახურება, კომპანიისთვის არის მიუღებელი.

„ჩვენი მომხმარებლების 98% მთლიანად ევროპა და ამერიკაა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც პირველ რიგში ქვეყნის ინტერესს და შემდეგ უკვე, ნებისმიერი ინდუსტრიის განვითარებას ეწინააღმდეგება, რომ ქვეყანა ეკონომიკურად, კულტურულად და ა.შ. განვითარდეს, არის ჩვენთვის მიუღებელი. ხოლო, ის ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან ამ პოზიციას, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მათთან თანამშრომლობა შევზღუდოთ და არც ვიმუშაოთ“,- აცხადებს ცინცაძე.

როგორც Leavingstone-ის გენერალური დირექტორი, ერეკლე ზურმუხტაშვილი ეთერში აღნიშნავს, კრეატიული ინდუსტრია გასული წლის პრაქტიკიდან გამომდინარე უკვე მომზადებული შეხვდა კანონის ინიცირებას.

მისი თქმით, როდესაც შემოქმედებითი სააგენტოების ასოციაციამ „რუსული კანონის“ ინიცირების შესახებ გაიგო, მყისიერად ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც 14 ადამიანი იყო გაერთიანებული, თუმცა შემდეგ სააგენტოების რაოდენობა გაიზარდა.

„შარშანდლიდან გამომდინარე, რეპეტიცია გავლილი გვქონდა. ჩვენმა შემოქმედებითი სააგენტოების ასოციაციამ რომ გაიგო, „რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირების შესახებ, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ ერთადერთი მომავალი არის ევროპა და აღნიშნული კანონმდებლობა ხელს უშლის ამ მისწრაფებას.

ბოლო პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ბიზნესმენების მხრიდან განცხადებები გააქტიურდა, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მხარი ღიად დაუჭირეს. ამან ჩვენი გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. მათთან კომუნიკაცია გვქონდა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ დამკვეთის პოზიცია შეიძლება არ გამოხატავდეს კომპანიის პოზიციას, თუმცა ჩვენი მხრიდან ხაზგასმით იყო პასუხი, რომ კომპანიას ამაზე მკაფიო განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომ კომპანია ემიჯნება ამ განცხადებას,

წლები შევალიეთ, მართლა. არაერთ ევროპულ ფესტივალში ვიღებდით მონაწილეობას, რომ რაღაცნაირად საქართველო ევროპული ოჯახის წევრად დაგვეფიქსირებინა და საბედნიეროდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა მიმართულებით ეს ყველაფერი მოვახერხეთ. თუმცა, მსგავსი ტიპის მოვლენები სხვადასხვა სირთულეების წინაშე გვაყენებს. ერთის მხრივ, ეს არის ემოციურად რთული. ძალიან ძნელია მომავალზე კონცენტრირდე, როდესაც ქვეყანაში ასეთი პროცესები მიმდინარეობს. ხოლო მეორეს მხრივ, იმ პარტნიორებთან, რომლებთანაც წლებია "ალაგებდი" ურთიერთობას და უხსნიდი, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, შარშან კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ და გვეხმარებოდა ამის კომუნიკაციაში და უცბად მოდის კითხვები - რა ხდება?!. ჩვენ ვუხსნით, რომ ეს არ არის მოქალაქეების აზრი და ამაში მხარს გვიჭერენ, მაგრამ მათი გადმოსახედიდან ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი“,- აცხადებს ზურმუხტაშვილი.

მისივე თქმით, დასავლური სამყარო რომ გენდოს, მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, აღნიშნული პროცესები კი ართულებს ევროპულ გზაზე დაბრუნებას.

Windfors-ის დამფუძნებელი, ვატო ქავთარაძე “საქმიან დილაში“ განმარტავს, რომ მათი მხრიდან განცხადების გამოქვეყნება ძალიან ლოგიკური იყო.

მისივე ცნობით, ქვეყანა კატასტროფული მიმართულებით მიდის და ამის საწინააღმდეგოდ რა შეიძლება გაკეთდეს, ამაზე ფიქრი ძალიან რთულია.

„მე მგონია, რომ ყველა რაღაც კატასტროფული მიმართულებით მივდივართ. არ ვიცი ამის წინააღმდეგ რა შეიძლება მოიმოქმედოს ნორმალურმა ადამიანმა. ყოველდღე და ყოველწუთიერად ისეთ რაღაცებს იგებ, რომ ვერ უჯერებ შენ თავს და რაღაცნაირად რეალობის აღქმას გაკარგვინებს.

რაც შეეხება ბიზნესებს, მათ თუ მიაჩნიათ, რომ მათ გარშემო ტრიალებს სამყარო, ძალიან ცდებიან. ნებისმიერი ადამიანი, რა საქმეშიც არ უნდა იყოს ჩართული და რა კალიბრის ბიზნესმენიც არ უნდა იყოს, ამ სიტუაციაში ძალიან არასწორ არჩევანს გააკეთებს თავისი მომავლისთვის, ბიზნესისთვის და პირადი ცხოვრებისთვისაც. რასაც ხელისუფლება აკეთებს, ეს არის უბედურება და დარწმუნებული ვარ ისე დაუბრუნდებათ ყველაფერი, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენიათ.

პროტესტი ერთადერთი ფორმაა რაც ხელისუფლებამ დაგვიტოვა, მაგრამ რამდენადაც მე ვხვდები, პროტესტზე აქ აღარაა საუბარი, აქ უკვე შეუთავსებლობაზეა ლაპარაკი. ჩვენ თუ კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები ვართ, კრეატიული ველი მარტო იქ შეიძლება არსებობდეს, სადაც განსხვავებული აზრები იქნებიან. სადაც საზოგადოება თავსებადი და ტოლერანტულია. ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ნაკლებად არის, იქ კრეატივი საერთოდ არ არსებობს ან ძალიან მინიმალური დოზითაა.

ჩვენ, როგორც ამ ხელისუფლებას უნდა და რასაც ვხედავთ უკვე, ქვეყანა იმ ფორმამდე მიჰყავს, სადაც არათუ განსხვავებული აზრი არ უნდა არსებობდეს, არამედ უნდა ისჯებოდეს. ჩვენთვის რეალურად ამ შემთხვევაში არსებობა - არ არსებობის საკითხი დგას და ან ჩვენ გადავრჩებით, ან ეს მიდგომა. რადგან ეს არის რეინკარნირებული საბჭოთა კავშირი“,- ამბობს ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები