მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედიტინფო: 2019 წელს 90-დღიან ვადაგადაცილებაში სესხების 6.7% იყო, 2021 წელს - 18.7%

61e0141884697
თათია ჩაფიჩაძე
13.01.22 16:32
1993
„კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში 90-დღიან ვადაგადაცილებაში გადასული სესხების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 2021 წელს თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა 2020 წელთან შედარებით ტენდენცია მცირედით გაუმჯობესებულია.

როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში 2021 წლის შეჯამებისას განაცხადა, მათ ბაზაში ატვირთული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს გაიზარდა დაკრედიტების მაჩვენებელიც, როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ ნაწილში.

„ტენდენციები აჩვენებს, რომ საკრედიტო ბაზარი ცოტა უკეთესობისკენ მიდის. გაუმჯობესებულია როგორც სესხების გაცემის მაჩვენებელი, ასევე მცირედით შემცირებულია ვადაგადაცილებების რაოდენობა. ორ ძირითად მაჩვენებელს მოვიყვან - ერთია სესხის გაცემიდან 90 დღის განმავლობაში თუ რა პროცენტული მაჩვენებელი გავიდა 30-დღიან ვადაგადაცილებაში და თუ 2019-ში ეს იყო 2.8%, 2020-ში 8.5%-მდე გაიზარდა, 2021-ში კი 7.9%მდე შემცირდა.

ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სესხის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში რამდენი გავიდა 90 დღიან ვადაგადაცილებაში , 2019-ში ეს იყო 6.7% , 2020-ში - 20.9% და 2021-ში 18.7%-ია, ეს ისევ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა გაუმჯობესება შეინიშნება. როცა ვადაგადაცილებაზე ვსაუბრობთ, რათქმაუნდა საუბარია სამომხმარებლო სესხებზე.

რაოდენობრივად სესხების გაცემას თუ შევხედავთ 2019-ში ბაზაში აიტვირთა 3 მლნ 100 ათასი სესხის შესახებ ინფორმაცია, 2020-ში 2 მლნ 592 ათასი, 2021 -ში კი 3 მლნ 455 ათასი, ანუ დაახლოებით 10%-იანი ზრდაა 2019-თან მიმართებით.“- ამბობს გომიაშვილი.

„კრედიტინფოში“ აცხადებენ, რომ 2020 წელთან შედარებით 2021-ში 20%-ით გაიზარდა დაკრედიტება იურიდიული პირების შემთხვევაში, 10%-მდე ზრდა კი 2019 წელთან მიმართებით ფიქსირდება. გომიაშვილი 2022 წელს ფინანსური ბაზარის გაზრდას პროგნოზირებს.

„დაკრედიტება იზრდება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20%იანი, 2019-თან შედარებით კი ბიზნესს სესხებთან მიმართებით 10%-იანი ზრდა გვაქვს. იცით რომ ჩვენს ბაზაში იტვირთება 3 მლნ ლარამდე გაცემული სესხების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში 10 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც საკრედიტო ბიუროს რეგულირებას ეხება გამოაქვეყნა და ეს საშუალებას მოგვცემს სრულად მოვიცვათ მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ ინფორმაცია.

ინტერნეტ გამსესხებლების შემდეგ ბაზარს ბევრი მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს და ამ რეალობაში ხდება ბანკების მიერ დაკრედიტების ზრდას.  ფინანსურ სექტორში მოლოდინები არის პოზიტიური და ჩვენ ვფიქრობთ რომ ბაზარი მიმდინარე წელს გაიზრდება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია პანდემიაზე.“ - განაცხადა გომიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები