მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრედიტის ლიმიტის გაორმაგება სექტორში კონკურენციას გაზრდის" - მიკროსაფინანსო ასოციაცია

ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი ორმაგდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიკროკრედიტის ზღვარი დღეს მოქმედი 100 ათასი ლარიდან 200 000 ლარამდე იზრდება. შესაბამის ცვლილებებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.

როგორც მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, კრედიტის ლიმიტის გაზრდა სექტორში კონკურენციას გაზრდის და ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, არსებული მომხმარებლები უფრო დიდხანს შეინარჩუნონ. როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ ლიმიტის გაზრდის შედეგად, სექტორის საკრედიტო პორტფელში სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხების წილი გაიზრდება.

„დაკრედიტების ლიმიტის გაზრდით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, რომ უფრო კონკურენტულ გარემოში იმუშაონ. კერძოდ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ მომხმარებლები უფრო დიდხანს შეინარჩუნონ დაკრედიტების გაზრდილი ზღვრის ფარგლებში და გარდა ამისა, ახალ სეგმენტზეც გავიდნენ, რაც უფრო სწრაფი ზრდის და ბაზარზე უფრო კონკურენტული პირობების შეთავაზების საშუალებას მისცემთ. ეს ზღვარი მათ შორის ხელის შემწყობი იქნება, რომ მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების კუთხითაც ახალი პროდუქტები შემუშავდეს და სექტორში ბიზნეს სესხების კომპოზიციის მიმართულებით დადებითი იქნება“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

ამასთან, ასოციაციაში აცხადებენ, რომ სესხის ლიმიტის ზრდა დადებით გავლენას მოახდენს მისოების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთებზეც.

“ზოგადად, რაც უფრო დიდი მოცულობის სესხია, უფრო დაბალია მასზე საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, თუ სექტორს ექნება იმის საშუალება, რომ წვრილი დაკრედიტებიდან უფრო მსხვილ დაკრედიტებაზე გადავიდეს, ამ სეგმენტზე საფასო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ლოიალური და დაბალი იქნება, ვიდრე ესაა წვრილი და სამომხმარებლო სესხები”, - აღნიშნა ნინო დევდარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები