მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოკომპანიებს სებ-მა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა აუკრძალა

64918a44b88eb
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.23 15:33
1870
სტატიაში საუბარია:
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა აუკრძალა - შესაბამისი ბრძანება უკვე საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. საუბარია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირების ახალ წესებზე, რომლებიც ამ კომპანიების რეგისტრაციას ითვალისწინებს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შემავალი საქმიანობებია:

• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
• კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.

“კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი არის ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

სებ-მა ასევე განსაზღვრა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის წესები, რომელთა მიხედვითაც ამ კომპანიებმა მათი ოპერირების, მესაკუთრეების, ბიზნესგეგმის და სხვა პარამეტრების შესახებ ინფორმაცია სებ-ის უნდა წარუდგინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები