მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოდელით განიხილავს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებას? - კონცეფცია ცნობილია

6450e9b2a9690
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.23 15:05
1234
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში კრიპტოაქტივების რეგულირების დაწყებას გეგმავს. როგორც სებ-ის 2022 წლის ანგარიშში არის აღნიშნული, რეგულირება ძირითადად სთეიბლქოინების მიმართულებით განიხილება. ეს არის ისეთი კრიპტოაქტივები, რომელთა ფასიც თავიანთი მარეგულირებელი ალგორითმიდან გამომდინარე, სტაბილურ ფასს ინარჩუნებს.

რეგულირების რა მოდელს განიხილავს სებ-ი?

“2022 წელს ეროვნული ბანკი იკვლევდა ე.წ „სთეიბლქოინების“ ტიპებს, რეგულირების პრინციპებს და მთავარი მოთამაშეების მოდელებს.

"სთეიბლქოინი“ არის ციფრული ვალუტა, რომლის დიზაინიც ისე არის მოწყობილი, რომ მისი ფასი სტაბილურია რომელიმე ეროვნულ ვალუტასთან ან სხვა მასზე მიბმულ აქტივთან მიმართებით, რაც მას განასხვავებს სხვა კრიპტოვალუტებისგან, როგორებიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა, რომელთა ფასებიც ხშირი მერყეობებით გამოირჩევა.

„სთეიბლქოინების“ შესწავლის პროცესში ორი სახის ფინანსური მოდელი გამოიკვეთა: „სთეიბლქოინიბის“ გამომშვები როგორც საგადახდო სისტემა და „სთეიბლქოინების“ გამომშვები როგორც ბანკი.

როგორც ინგლისის ცენტრალური ბანკის კვლევაში ვხედავთ, იმ შემთხვევაში, როდესაც „სთეიბლქოინის“ გამომშვები მოქმედებს როგორც საგადახდო სისტემა, ის უნდა დარეგულირდეს დღეს არსებული საგადახდო სისტემების რეგულაციის საშუალებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს როგორც ბანკი, მაშინ მასზე უნდა გავრცელდეს ის რეგულაციები, რომლებიც დღეს ვრცელდება კომერციულ ბანკებზე.

მსგავსი მიდგომა აქვს შვეიცარიაში FINMA-ს, რომელსაც თავის გაიდლაინში ნათლად აქვს წარმოდგენილი, რომ თითოეული კატეგორიის „სთეიბლქოინის“ მიმართებით გამოიყენებს ინდივიდუალურ მიდგომას და, შესაბამისად, იმ რეგულაციას მიუსადაგებს, რომელიც მეტად შესაფერისი იქნება.

ბაზელის კომიტეტმა 2022 წლის ივნისში გამოაქვეყნა საკონსულტაციო დოკუმენტი , რომელშიც ბანკის მხრიდან კრიპტოაქტივების პრუდენციულ მოპყრობასთან მიმართებით პირველადი შეთავაზებებია მოცემული. დოკუმენტში წარმოდგენილია ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კრიპტოაქტივი შესაძლოა ჩაითვალოს „სთეიბლქოინად“ და მასზე გავრცელდეს შედარებით ნაკლებად მკაცრი კაპიტალის მოთხოვნები, ვიდრე ისეთ კრიპტოაქტივებზე, რომლებიც მოცემულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ (მაგ. ბიტკოინი).

აშშ-ში, საპრეზიდენტო ჯგუფს, რომელიც „სთეიბლქოინების“ თემაზე მუშაობს, შეუერთდნენ FDIC და OCC და ერთობლივი ანგარიში მოამზადეს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებულ უმთავრეს გამოწვევებს ეხება.

მოცემულ ანგარიშში განსაზღვრულია „სთეიბლქოინის“ გამოშვებასთან დაკავშირებული ძირითადი ფუნქციები:

მართვა - მართვის ფუნქციები მოიცავს იმ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რომლებიც დაკავშირებულია „სთეიბლქოინის“ შეძენასთან, გამოსყიდვასთან, შენახვასა და ტრანსფერთან.

სარეზერვო აქტივების მენეჯმენტი - მოცემული ფუნქცია განსაზღვრავს სტანდარტებს სარეზერვო აქტივებთან მიმართებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ აქტივებისა და გამოშვებული „სთეიბლქოინების“ ნომინალური ღირებულების ერთი-ერთთან

თანაფარდობა. სარეზერვო აქტივების მენეჯმენტი მოიცავს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას რეზერვებთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს რეზერვში მყოფი აქტივების რისკიანობის შეფასებას.

ანგარიშსწორება - „სთეიბლქოინების“ როგორც ციფრული აქტივის ტრანსფერი DLT-ზე საჭიროებს სხვა პირების მხრიდან ჩართულობას (მაგ. ავთენტიფიკაცია და ვალიდაცია)

განაწილება - „სთეიბლქოინების“ განაწილების პროცესი მომხმარებლებზე მოიცავს წვდომის არხებისა და სხვა სერვისების მიწოდებას, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემენ მიიღონ, შეინახონ და გადარიცხონ „სთეიბლქოინები“
მოცემული ფუნქციების შესრულება შეუძლია თავად „სთეიბლქოინის“ გამომშვებს და ასევე სხვა მესამე მხარეებსაც.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა მხარეებზე, აუცილებელი იქნება შესაბამისი რეგულაცია თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე გავრცელდეს.

2023 წელს, ეროვნული ბანკი გააგრძელებს კვლევას „სთეიბლქოინებთან“ დაკავაშირებით და ეცდება უფრო დეტალურად შეისწავლოს თითოეული „სთეიბლქოინის“ სახე, რათა მასზე დღეს არსებული რეგულირების წესების გაავრცელება შეძლოს ან/და შეიმუშაოს ახალი სახის რეგულაციები, რომლებიც ამ სახის ციფრული ვალუტისაგან მომავალ რისკებს გაუმკლავდებიან,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები