მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტების მიმართ ყველაზე თავისუფალი ქალაქების რეიტინგი

კრიპტო

პირველი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის შექმნიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ციფრული ვალუტების მიმართ მოთხოვნა იზრდება. ეს ტენდენცია დასტურდება, როგორც რიცხვებით, ანუ, მაგალითად, ინდუსტრიის $1.28-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით, ასევე იმ ქვეყნებისა და კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ამ ტექნოლოგიის არეგულირებენ და ყოველდღიურად იყენებენ. პარალელურად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიურად განიხილება ბიტკოინის ფონდის, იგივე ETF-ის შექმნის ვარაუდიც, რომელიც, თუ დადასტურდა, ინდუსტრიის არსებობას საბოლოოდ გააქვავებს.

კრიპტოინდუსტრიის მიმართ ინტერესი, ბოლო წლებში, განსაკუთრებით დაჩქარდა. მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური პლატფორმის, Statista-ს დათვლებით, 2016 წელს ინდუსტრიაში ხუთი მილიონი ვერიფიცირებული მომხმარებელი იყო, როცა 2022 წლის ბოლოსთვის, ეს რიცხვი 425 მილიონამდე გაიზარდა, ანუ ინდუსტრიის ზომის ამ მაჩვენებელმა 8400%-ით იმატა.

კრიპტოინდუსტრიის მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე, ამ ტექნოლოგიაში გარკვეულ შესაძლებლობებს სახელმწიფოებიც ხედავენ და შესაბამის საკანონმდებლო ბაზასაც ქმნიან, რომლითაც ამა თუ იმ ქვეყანაში ამ ტიპის ინვესტიციების მოზიდვას უწყობენ ხელს. ამ მხრივ ერთ-ერთ ლიდერად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც სურს, მისი ქვეყანა კრიპტოინდუსტრიის გლობალურ ჰაბად იქცეს.

გაერთიანებული სამეფო, ცხადია, ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც კრიპტოინდუსტრიაში დიდ პოტენციალს ხედავენ, პირიქით - მსგავსი ძვრები მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეინიშნება. ქალაქ მაიამის ხელისუფლებამ, მაგალითად, 2021 წელს MiamiCoin-ი შექმნა - კრიპტოვალუტა, რომლითაც ქალაქის მთავრობა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. ეს ტენდენცია მსოფლიოს მთავარ ფინანსურ ცენტრში, ნიუ-იორკ-სიტიშიც ფიქსირდება, რომლის მერი, ერიკ ადამსი, ღიად უჭერს მხარს კრიპტოინდუსტრიას.

ამ ყველაფრის ფონზე, კრიპტოანალიტიკურმა პლატფორმა Recap Technologies-მა კრიპტოს მიმართ ყველაზე თავისუფალი ქალაქების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც ის ქალაქები მოხვდნენ, რომელთაც ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირეს ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით. შერჩევის კრიტერიუმებში ორგანიზაციამ გაითვალისწინა, როგორც ცხოვრების დონე, ასევე კრიპტოღონისძიებების მრავალფეროვნება, კრიპტოინდუსტრიაში არსებული კომპანიების და იქ დასაქმებული ადამიანის რიცხვი, კრიპტომატების რაოდენობა, მოგების გადასახადის მაჩვენებელი და კრიპტოვალუტების მოხმარების პენეტრაცია.

საინტერესოა, რომ ბევრი ზემოხსენებული პარამეტრით, კრიპტოტექნოლოგიების ჰაბის წოდებას, გარკვეულწილად, საქართველოც იმსახურებს, მაგრამ ის Recap Technologies-ის რეიტინგში ვერ მოხვდა. აი, მაგალითად კრიპტომატები ავიღოთ - Statista-ს დათვლებით, საქართველოში 133 კრიპტომატია და ამ მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა მე-11 ადგილს იკავებს. ამასთან, საქართველოში საკმაოდ დაბალ ნიშნულზე არის მოგების გადასახადი და კრიპტოინდუსტრია ასე თუ ისე რბილადაა რეგულირებული, მაგრამ საქართველოს ამ რეიტინგში ვერმოხვედრის ფაქტი, ალბათ, არც თუ ისე მაღალი ცხოვრების დონით და კრიპტოკომპანიების ნაკლებობით აიხსნება.

კვლევის შედეგად, Recap Technologies-ის რეიტინგში ოცი ქალაქი მოხვდა, ხოლო სიას გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ლონდონი ლიდერობს, რაც გასაკვირი არ არის, რიში სუნაკის კაბინეტის პოლიტიკას და ქვეყნის განვითარების დონეს თუ გავითვალისწინებთ. რაოდენობრივად, აღნიშნულ რეიტინგს ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელიც ერთბაშად სამი ქალაქით: ნიუ-იორკ-სიტით, ლოს-ანჯელესით და ჩიკაგოთი არის წარმოდგენილი. თუმცა, პარალელურად ამისა, სიაში ორი იაპონური და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთი ირანული ქალაქიც მოხვდა - საუბარია საპოროზე, ოსაკასა და თეირანზე. საინტერესოა, რომ Recap Technologies-ის მიერ შედგენილ რეიტინგში ვერ მოხვდა ელ-სალვადორი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად გამოაცხადა.

კრიპტოვალუტების მიმართ ყველაზე თავისუფალი ქალაქების რეიტინგი კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
#2 - დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
#3 - ნიუ-იორკ-სიტი, აშშ
#4 - სინგაპური
#5 - ლოს-ანჯელესი, აშშ
#6 - ზუგი, შვეიცარია
#7 - ჰონგ-კონგი
#8 - პარიზი, საფრანგეთი
#9 - ვანკუვერი, კანადა
#10 - ბანგკოკი, ტაილანდი
#11 - ჩიკაგო, აშშ
#12 - ბერლინი, გერმანია
#13 - საპორო, იაპონია
#14 - ლაგოსი, ნიგერია
#15 - ლისაბონი, პორტუგალია
#16 - ქუვეით-სიტი, ქუვეითი
#17 - თეირანი, ირანი
#18 - სიდნეი, ავსტრალია
#19 - ოსაკა, იაპონია
#20 - კუალა-ლუმპური, მალაიზია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები