რუსეთის ფედერაციის ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები 2025 წელს მკვეთრად, ბოლო ხუთი წლის მინიმუმამდე შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ბიუჯეტმა ენერგეტიკული სექტორიდან დაახლოებით 108 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 2024 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2025 წლის დეკემბერი, როდესაც შემოსავლები წლიურად 50%-ით შემცირდა. 2026 წლის იანვრის წინასწარი პროგნოზები კი მიუთითებს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და მაჩვენებლები შესაძლოა პანდემიისდროინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.
შემოსავლების ასეთი მკვეთრი ვარდნა რამდენიმე კრიტიკული ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია. პირველ რიგში, ეს უკავშირდება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებს, რომლებმაც პირდაპირ ისეთ გიგანტებს დაარტყეს, როგორებიც არიან: Rosneft და Lukoil.
სანქციების გამკაცრებამ ჩინეთის და ინდოეთის მხრიდან რისკის პრემიის ზრდა გამოიწვია, რის გამოც რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასდაკლება Brent-ის ფასთან შედარებით ბარელზე 27 დოლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს რუბლის გამყარებამ კიდევ უფრო შეამცირა ბიუჯეტში მისაღები შემოსავლები, რადგან ექსპორტირებული ნავთობიდან მიღებული უცხოური ვალუტა ნაკლებ რუბლში დაკონვერტირდა. ამასთან, ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდებაა, რაც ფასების ზრდას შეუძლებელს ხდის.
კრიტიკული მდგომარეობაა გაზის ინდუსტრიაშიც, სადაც შემოსავლები 30%-ზე მეტით შემცირდა და $15 მილიარდი შეადგინა. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წლის შემდეგ, რაც ევროპული ბაზრის თითქმის სრულად დაკარგვითაა განპირობებული, რომლის კომპენსირებას აზიური ბაზარი ვერ ახერხებს.
შექმნილი ფინანსური დეფიციტის ფონზე, კრემლი იძულებულია გადასახადების ზრდასა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან თანხების აქტიურ ხარჯვას მიმართოს, რაც, თავის მხრივ, არამდგრადია და კრახისთვის განწირულ სტრატეგიას წარმოადგენს.



























