მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის და სპორტის სამინისტრო 1 იანვრიდან გაიყოფა  - "შენობის მოსაძებნად მუშაობა დაწყებულია"

კულტურის სამინისტრო

კულტურის და სპორტის სამინისტრო 1 იანვრიდან გაიყოფა. შესაბამისი კანონის პროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის კულტურისა და სპორტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

შესაბამისი ცვლილება კომიტეტზე საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

„განაწილდება დღესდღეობით კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედი სსიპების და კერძო სამართლის იურიდიული პირების. კულტურის მიმართულებით არსებული სსიპები გადაეცემა ახალშექმნილ კულტურის სამინისტროს, სპორტის სამინისტროს სსიპები და კერძო სამართლის იურიდიული პირები სპორტის სამინისტროს. განხორციელდება თანამშრომლების უკონკურსოდ გადაყვანაც. შეიქმნება კომისია დღეს მოქმედ სამინისტროში, რომელიც იქ მოქმედ საჯარო მოხელეებს და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს გადაანაწილებს მათი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით შესაბამის უფლებამონაცვლე სამინისტროში“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცვლილებების თანახმად, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უფლებამონაცვლე სამინისტროები უფლებამოსილნი იქნებიან, დაიწყონ რეორგანიზაცია (მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რაც შეეხება გაყოფილი სამინისტროების ადმინისტრაციულ შენობებს, როგორც ბაჩიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სპორტის სამინისტროსთვის შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოსაძებნად მუშაობა დაწყებულია.

„საწყის ეტაპზე მოიაზრება, რომ სპორტის სამინისტრო კვლავ განთავსებული იქნება კულტურის სამინისტროს ამჟამინდელ ადმინისტრაციულ შენობაში, თუმცა 2025 წლის განმავლობაში, ფორმირების ეტაპზე იკვეთება სხვადასხვა საჭიროება. მათ შორის, ეს სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, რომ ახლებურად შეხედოს ინსტიტუციური მოწყობის საკითხს და შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის სამუშაოები უკვე დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოსაძებნად. მომავალი ხელმძღვანელობა ბიუჯეტის დაზოგვის თვალსაზრისით, უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი იყოს გაწეული ამ მიმართულებით და ჯერჯერობით მისი განთავსება იგივე სამინისტროს შენობაში ამ გარემოებითაცაა განპირობებული“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, სპორტის და კულტურის სამინისტროს გაყოფა ირაკლი კობახიძემ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე დააანონსა, როცა თინათინ რუხაძე სპორტის და კულტურის მინისტრად დანიშნა. მანვე განაცხადა, რომ სამინისტროების გაყოფის შემდეგ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება. ხოლო სპორტის მინისტრად მისი ამჟამინდელი მოადგილის შალვა გოგოლაძის დანიშვნა იგეგმება.

რაც შეეხება ბიუჯეტს, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენისთვის) მიხედვით, ორივე სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმა ჯამში შეადგენს - 596,115,000 ლარს: კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი განსაზღვრა 297,649,500 ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 298,465,500 ლარით. ცნობისთვის, სპორტის და კულტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 506 456 000 მლნ ლარი იყო.

სამინისტროს გაყოფის შემდეგ, გაიზრდება ორივე სამინისტროს შრომის ანაზღაურების ჯამური ხარჯი 2025 წლისთვის. კერძოდ, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს აპარატის შრომის ანაზღაურება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის (მეორე წარდგენა) თანახმად შეადგენდა - 6,028,000 ლარს, ხოლო თითოეულ სამინისტროს ნაწილში ჯამურად განისაზღვრა - 8,220,400.00 ლარით, მათ შორის: კულტურის სამინისტრო - 5 126 300 ლარი, სპორტის სამინისტრო (34 01 01) - 3,094,100 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები