მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის სამინისტრო მინისერიალის სცენარის განვითარებაზე კონკურსს აცხადებს

632c73300fbf8
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.22 18:45
603
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 26 სექტემბერს მინისერიალის სცენარის განვითარებაზე კონკურსს გამოაცხადებს - ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისერიალის თემები განსაზღვრული იქნება და უპირატესობას იმ პრეტენდენტებს მიანიჭებს, რომლებსაც პარტნიორებად კინოფილმების ციფრული პლატფორმები, კინოთეატრები ან ტელეკომპანიები ეყოლებათ, რათა მინისერიალების გადაღების შემდეგ მათი ჩვენება შედგეს.

„26 სექტემბერს, ვფიქრობ, პირველად კულტურის სამინისტრო, კინოცენტრთან ერთად გამოვაცხადებთ კონკურსს მინისერიალის სცენარის განვითარებაზე. ქართული სერიალები, ვფიქრობ ის ნიშაა, რომელიც ქართულმა კინოინდუსტრიამ უნდა აითვისოს, თუ თავიდან დაიკავოს. კულტურის სამინისტრო დააფინანსებს სცენარის განვითარებას.

სერიალი უნდა პასუხობდეს რამდენიმე თემატიკას - საქართველოს უახლესი ისტორია, ქართველი კლასიკოსი მწერლები და ქართული სპორტი. ეს ვერ იქნება დოკუმენტური, ეს უნდა იყოს მხატვრული სახის მაქსიმუმ 5-სერიან სერიალზე, რომლის თითო სერია 45-60 წუთის ხანგრძლივობის იქნება და თითოეულზე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ერთად თითო სერიის განვითარებაზე 10 000 ლარს დავხარჯავთ, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ბიუჯეტი. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კომპანიებს - კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ ან ციფრული პლატფორმა, სადაც ამ მინისერიალებს აჩვენებენ, ვინაიდან ჩვენ არ გვინდა მინისერიალს თვითონ ვუყუროთ, ან კინოდარბაზები და ან ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ის ტელევიზიები, ვისაც კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა ცოდვაში არ ეთვლება“, - განაცხადა წულუკიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები