სენაკში, ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი სანატორიუმი და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, მეოთხე მცდელობითაც არ გაიყიდა.
30 აგვისტოს, მენჯში საპრივატიზაციოდ გამოტანილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი 1 752 500 ლარი იყო. აუქციონი 13 სექტემბერს დასრულდა და შედეგების მიხედვით, სახელმწიფო ქონების შეძენით არავინ დაინტერესებულა.
პირობიანი აუქციონის მიხედვით, მყიდველმა ადგილზე არანაკლებ 100 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა შექმნას და სახელმწიფოსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 48 კვირის განმავლობაში უნდა აამოქმედოს, თუმცა სახელმწიფო ქონებით ზედიზედ მეოთხედ არავინ დაინტერესებულა და აუქციონი არ შედგა.
ცნობისთვის, სახელმწიფომ კურორტ მენჯში არსებული ქონება აუქციონზე პირველად 2021 წლის ივნისს გამოიტანა. აუქციონი ჩაიშალა. მენჯში ქონების გაყიდვას სახელმწიფო 2.6 მლნ ლარად გეგმავდა.
მეორედ მენჯში არსებულ სახელმწიფო ქონების გაყიდვის მცდელობა 2021 წლის აგვისტოში იყო, თუმცა ფასდაკლებით. ამ შემთხვევაში აუქციონზე, კურორტ მენჯში არსებული ქონება 1.7 მლნ ლარად იყიდებოდა. აუქციონი ამ შემთხვევაშიც ვერ შედგა.
მესამედ გამოცხადებული აუქციონი 2021 წლის დეკემბერშიც უშედეგოდა დასრულდა. ამ შემთხვევაშიც ქონება 1 752 500 ლარად იყიდებოდა.
აღსანიშნია, რომ ბალნეოლოგიურ კურორტი მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი). კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება დაახლოებით XX ს-ის 20-30-იანი წლებიდან დაიწყო. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.