მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kursi.ge, “ვაიზპეი“... - ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ 4 კომპანიას მიენიჭა

სტარტაპი

მთავრობამ კომპანიებს „ვაიზპეის“, „კურსი.ჯის“, „სმართერ ფარმის“ და „მედიმაინდს“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 25 თებერვლის განკარგულებებიდან ირკვევა.

ამ დრომდე ქვეყანაში ამ სტატუსით 4 კომპანია სარგებლობდა „ამბლიფლაი“, Retain, AI Solutions და Helio AI და ახლა უკვე „ვაიზპეი“, „კურსი.ჯი“, „სმართერ ფარმი“ და „მედიმაინდი“.

2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:

  • ინოვაციური სტარტაპი;
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია;
  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები