თბილისში, რუსთაველის გამზირზე 3 წლის წინ განსხვავებული კონცეფციით ამოქმედებული ყავის გაყიდვების სტარტაპი Kvarts Coffee ახალი ობიოექტის გახსნას გეგმავს.
Kvarts Coffee-ის დამფუძნებლები BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი ობიექტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუმრებს თავს საინტერესო და განსხვავებული კონცეფციით ამახსოვრებინებს. მისი განსხვავებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სტუმრები ყავას თავისივე პორტრეტიანი ჭიქით მიირთმევენ.
„ეს კონცეფცია 12-13 წლის უკან სამხრეთ კორეაში არსებობდა და 3 წლის წინ ჩვენც გადავწყვიტეთ, საქართველოში მომხმარებლისთვის ეს კონცეფცია შეგვეთავაზებინა. პანდემიის პერიოდში მცირე პერიოდებით გაჩერებაც მოგვიწია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ობიექტის მიმართ ინტერესი დიდია და გამოხმაურება ადგილობრივებსა თუ უცხოელ ტურისტებში დადებითია“, - აღნიშნა Kvarts Coffee-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თეონა გურგენაძემ.
მისი ინფორმაციით, დღემდე პარტნიორებმა სტარტაპის ამოქმედება-განვითარებისთვის 40 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს და დღეს კაფეში, რომელსაც 10-მდე ადამიანის მომსახურება ადგილზე შეუძლიათ, 4 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნია, რომ კაფეში ყავის გარდა მსურველებს სასაჩუქრედ ღვინის ბოთლზე პორტრეტის დახატვის შეკვეთის შესაძლებლობაც აქვთ, რომლის ღირებულება 35-50 ლარია. კომპანიის წლიური ბრუნვა დღეისთვის 100 000 ლარამდეა.
Kvarts Coffee-ის პორტრეტიანი ყავის შეძენა სტუმრებს გატანითაც შეუძლიათ და მისი ღირებულება 6-დან 20 ლარამდეა.
„ყავის შეკვეთიდან 3-4 წუთში მუყაოს ჭიქაზე იხატება პორტრეტი და შემდეგ ისხმევა ყავა. სრულად პროცესი, დაახლოებით, 5 წუთს მოიცავს. ღირებულება დამოკიდებულია იმაზე როგორი ყავა სურს სტუმარს. გვაქვს ყავის კოქტეილებიც ალკოჰოლიანი სასმელების შემცველობით“, - აღნიშნა გურგენაძემ.
სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში პარტნიორებს მეორე ობიექტის ამოქმედების სურვილი აქვთ, თუმცა ინვესტიციასა და ადგილზე დაზუსტებით ვერ საუბრობენ.
"ზაფხულისთვის გვინდა მეორე ობიექტუის დამატება, თუმცა სად და როდის, ჯერ დაზუსტებულია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ადგილზე დაჯდომა და თავისი საქმის გაკეთების სურვილი აქვს, ამიტომ ვფიქრობთ, მეორე ობიექტი უფრო დიდი იქნება და იქ ჩვენს სტუმრებს, სამუშაოდ საქმიან გარემოს შევუქმნით, სადაც ყავასთან ერთად, წასახემსებელსაც შევთავაზებთ“, - უთხრა BM.GE-ის Kvarts Coffee-ის დამფუძნებელმა.




























