მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირაში იქნება ხუთი რეისი...500 ტურისტი რამდენს უნდა ეყოს?! - გიორგიძე

5f13076aa8ba9
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 20:38
1846
კვირაში 500 ტურისტი არაფერს შეცვლის - განუცხადა BM.GE-ის გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია "ოფროუდ ჯორჯიას" დამფუძნებელმა ალექსანდრე გიორგიძემ.

BM.GE გიდს და ტურიზმის სექტორის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაახლოებითი გათვლები გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტურისტის მიღებას შეძლებს საქართველო აგვისტოში 5 ქვეყნის მიმართულებით დანიშნული ფრენებიდან.

„მაშ ასე მეგობრებო. აქ შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დაანონსებული საზღვრის გახსნის რეალურ სურათს. რეგულარული რეისი იქნება კვირაში 5-ჯერ: 2 გერმანიიდან, 2 საფრანგეთიდან და 1 ლატვიიდან.

გერმანიიდან იფრენს Airbus A319, ანუ მაქსიმუმ 150 ადგილი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნაწილი იქნება ქართველი და ნაწილი საერთოდ არ ისარგებლებს ტურისტული მომსახურებით, გამოდის საუკეთესო შემთხვევაში 80, 100 ადამიანი. ანუ კვირაში 200. ამას დავამატოთ იგივე სტატისტიკა საფრანგეთიდან და ლატვიიდან. მივიღებთ დაახლოებით 500 ტურისტს. ანუ თვეში 2000-ს"-წერს ალექსანდრე გიორგიძე.

BM.GE-სთან კი აკონკრეტებს, რომ ეს პოზიტიური გათვლაა და ამ შემთხვევაშიც ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის საკმარისი არ არის.

„რამდენს უნდა ეყოს ეს. ამიტომ პრობლემა არის ფრენების სიხშირე. მაშინ, როდესაც გასულ წელს მხოლოდ გერმანიაში 12 ქალაქში დაფრინავდა... ახლა Airbaltic-მა, ვიცით, რომ ითხოვა 3 ფრენა კვირაში, თუმცა 1 ფრენაზე შეთანხმდნენ.

სექტორს ეს ვერანაირად ვერ აამოძრავებს, აგვისტოში მარტო მე მაქვს სამი 20 კაციანი ჯგუფის შეკვეთა ლატვიიდან. კვირაში ერთი ფრენის შემთხვევაში როგორ შეძლებენ ისინი ჩამოსვლას არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს თვითმფრინავები არ არის დიდი.

შესაბამისად მოლოდინებს ეს ვერანაირად ვერ შექმნის. მოლოდინები ისედაც პესიმისტური იყო და ახლა, რაც დადეს ავიამიმოსვლის გახსნის შემთხვევაში ამან კიდევ უფრო არარეალური გახადა იმიტომ, რომ კვირაში 500 ტურისტი არაფერს არ შეცვლის“, - განმარტა გიდმა.

ალექსანდრე გიორგიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა ის მოთხოვნები, რაც მათ მთავრობის კანცელარიასთან აქციისას დაასახელეს და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობის მხრიდან რეაგირება არ იქნება, ტურიზმის სექტორის წარმომადგენელები კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფომ მისცეს ბიზნესს, ავიაკომპანიებს, იმდენი სიხშირე რამდენსაც მოითხოვენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალბიუჯეტიანმა კომპანიებმა WizzAir-მა და Ryanair-მა შეძლონ ფრენების შესრულება.

დაველოდებით კიდევ ცოტა ხანი იქნება თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე და შემდგომ უკვე, ალბათ, კიდევ ერთ აქციას დავაორგანიზებთ“, - უთხრა BM.GE-ის ალექსანდრე გიორგიძემ და დასძინა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მან და მის მსგავსად ბევრმა, ძალიან დიდი ზარალი განიცადეს.

„პირადად ჩემი ზარალი ალბათ 60 000 ლარამდეა ასული უკვე და იქნებ შემოდგომა მაინც გადარჩეს...“, - აღნიშნა გიდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები