კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
Mercedes-Benz-ის შემოსავლები და მოგების მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა
გერმანული საავტომობილო გიგანტის, Mercedes-Benz-ის შემოსავლები და მოგების მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა. 2024 წლის განმავლობაში კომპანიის მოგების მარჟამ 8.1% შეადგინა, რაც 4.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამქიმიან ვარსკვლავს ინვესტორებისთვის უფრო ნაკლები სარგებელი მოაქვს, ვიდრე ამას ადრე ახერხებდა. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, 2025 წელი უარესი იქნება და მოგების მარჟა 6-8%-მდე დაეცემა. საერთო ჯამში, 2024 წელს გერმანულმა კონგლომერატმა 146 მილიარდი ევროს შემოსავალი და €10.4 მილიარდის მოგება მიიღო, რაც არასახარბიელო შედეგია.
შემოსავლისა და მოგების გაუარესებასთან ერთად, 3%-ითაა შემცირებული წლის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა, რომელიც 1.98 მილიონ ერთეულს შეადგენს.
ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზარზე — ჩინეთში, მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. კონკრეტულად, ქვეყანაში გაყიდვები 7%-ით შემცირდა, რაც ადგილობრივი მწარმოებლების გააქტიურებით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-ის გაყიდვები ელექტრომობილების კატეგორიაში განსაკუთრებით მკვეთრად, 23%-ით შემცირდა და ჯამში 185,100 ერთეული შეადგინა.
ევროპის მასშტაბით, Tesla-ს გაყიდვები იკლებს
ევროპის მასშტაბით, Tesla-ს გაყიდვები იკლებს. 2025 წლის პირველ თვეში, ამერიკული კომპანიის გაყიდვები ევროპის კონტინენტზე 45%-ით დაეცა. 50.3%-იანი ვარდნა დაფიქსირდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. გაყიდვების შემცირებულ მაჩვენებელს Tesla-ს მფლობელის პოლიტიკურ კარიერას უკავშირებენ. საინტერესოა, რომ Tesla-ს გაყიდვები დაეცა მაშინ, როდესაც ევროპაში ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების გაყიდვები 37%-ით გაიზარდა. ეს კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ილონ მასკის პოლიტიკური კარიერა კომპანიაზე ნეგატიურად აისახება.
ევროპის ავტომწარმოებლების ასოციაციის მონაცემებით, Tesla-მ 2025 წლის იანვარში, ევროპის მასშტაბით, 9 945 ერთეული ავტომობილი გაყიდა. 2024 წლის იანვარში, ეს მაჩვენებელი 18 161 ერთეულს აღწევდა. ძირითადი ვარდნა მოდის გერმანიაზე (-60%) და საფრანგეთზე (-63%).
შედარებისთვის, რომ ვთქვათ, Tesla-ს შედეგები იმდენად ცუდი იყო, რომ ჩინურმა SAIC Motors-ც კი ორჯერ მეტი მანქანის გაყიდვა მოახერხა. კომპანიამ 2025 წლის იანვარში ევროპის ბაზარს 22 994 ერთეული ავტომობილი მიაწოდა.
ES90 - Volvo-ს ფლაგმანური ელექტრომობილი უკვე მზად არის
Volvo-ს ფლაგმანური ელექტრომობილი უკვე მზად არის - მისი ოფიციალური დებიუტი 5 მარტს იგეგმება, ხოლო Volvo-მ უკვე გაგვიმხილა პირველი დეტალები ES90-ის შესახებ, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები “ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ ავტომობილად” მოიხსენიებენ. ეს იქნება Volvo-ს ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მოდელი, რომელიც ორ NVIDIA Drive AGX Orin კომპიუტერს მოიცავს. Volvo-ს წინა მოდელებთან შედარებით, მონაცემთა დამუშავების სიჩქარე რვაჯერ გაიზარდა. Volvo-ს Superset ტექნოლოგიის პლატფორმის გამოყენებით, ES90 სრულად პროგრამულად მართული ავტომობილი იქნება. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის OTA (Over-the-Air) განახლებებით კიდევ უფრო გაძლიერდება და დაიხვეწება. ES90-ს ახალი თაობის სენსორული სისტემა ექნება, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს მძღოლის დამხმარე ფუნქციებს და ავარიების პრევენციას: Lidar-ი რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს გარემოს; 5 რადარი მიმდებარე მანქანების დასადგენად; 8 კამერა 360-გრადუსიანი ხედვისთვის; 12 ულტრაბგერითი სენსორი დაბრკოლებების აღსაქმელად;
გავრცელებული კადრების მიხედვით, ES90 ვიზუალურად ჰგავს S90 ჰიბრიდულ სედანს, თუმცა მასში EX90-ის თანამედროვე დიზაინის ელემენტებია ინტეგრირებული, მათ შორის ვერტიკალური უკანა ფარები.
რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტ ავტომობილს
2024 წელს, ავტომობილების გლობალურმა წარმოებამ 93.5 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც 2%-ით მეტია პანდემიამდელ პერიოდზე და 17%-ით უსწრებს 2022 წლის მაჩვენებელს. მონაცემები „ავტომწარმოებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის" ანგარიშს ეფუძნება და მოიცავს ინფორმაციას, როგორც სამგზავრო ტიპის, ასევე კომერციულ ავტომობილებზე. ავტომობილების გლობალური წარმოების ლიდერი ჩინეთია - წარმოებული ავტომობილების საერთო რაოდენობის მესამედით. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანა აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს იმაზე მეტი ავტომობილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას მსოფლიოში.
ჩინეთს მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, გლობალური წარმოების 11.3%-იანი წილით.
მესამე ადგილზე იაპონიაა, გლობალური წარმოების 9.6%-ით, რომლის მთავარი წარმომადგენლებიც Honda და Toyota არიან. ხუთეულს კი, ინდოეთი და სამხრეთი კორეა ასრულებენ. საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველ ხუთეულში ევროპულ ქვეყნებს ვერ ვხვდებით. ევროპის კონტინენტზე წარმოების ყველაზე მაღალი მოცულობით გერმანია გამოირჩევა, რომელიც გლობალური სიის მეექვსე ადგილზეა. ჯამში ათეული ასე გამოიყურება: ჩინეთი - 30,160,966 ერთეული; აშშ - 10,611,555 ერთეული; იაპონია - 8,997,440 ერთეული; ინდოეთი - 5,851,507 ერთეული; სამხ.კორეა - 4,243,597 ერთეული; გერმანია - 4,109,371 ერთეული; მექსიკა - 4,002,047 ერთეული; ესპანეთი - 2,451,221 ერთეული; ბრაზილია - 2,324,838 ერთეული; ტაილანდი - 1,841,663 ერთეული;
Ford-ს ათასობით Mustang-ის უკან გაწვევა ხელახლა მოუხდა
Ford-ს ათასობით Mustang-ის უკან გაწვევა ხელახლა მოუხდა, რადგან წინა გაწვევისას, ავტომობილები სათანადოდ ვერ შეაკეთა. კომპანიის ოფიციალური მოხსენების თანახმად, უკან გაწვევა 2022-2023 წლებში გამოშვებული Mustang-ების ნაწილს შეეხო. აღმოჩენილი დეფექტი კი, საჭის გამაძლიერებლის კონტროლის მოდულის პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდება, რომელიც წინა გაწვევისას სწორად არ განაახლეს.
ავტომწარმოებელმა აღმოაჩინა, რომ ეს ავტომობილები, რეალურად, შეკეთებულ მოდელთა სიაში იყვნენ შეყვანილნი. Ford-მა ჯამში 30 000-ზე მეტი Mustang-ი, თავდაპირველად, გასული წელს გაიწვია. არსებობდა ალბათობა, რომ ამ ავტომობილებში საჭე კარგად დამაგრებული არ იყო, რაც შემობრუნების დროს, საჭის რხევას იწვევდა. ამ თაობის Mustang-ებში ავტომწარმოებელი ელექტრო საჭეს იყენებს.