კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"
Volkswagen-ის საოპერაციო მოგება 10%-ით შემცირდა: მოსალოდნელია 100,000 სამუშაო ადგილის გაუქმება
Volkswagen-ის 2026 წლის მეორე კვარტალის საოპერაციო მოგება 10%-ით, €3.5 მილიარდამდე შემცირდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე დაბალია. ჩინურ ბრენდებთან გამწვავებული კონკურენციისა და მაღალი სატარიფო ხარჯების ფონზე, ავტოკონცერნმა 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი 3%-იან კლებაზე შეცვალა. ფინანსური შედეგების გასაუმჯობესებლად კომპანია 100,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას და გერმანიაში მდებარე ოთხი ქარხნის გასხვისებას განიხილავს. ნეგატიური ანგარიშგების ფონზე კონცერნის აქციების ფასი 3%-ით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან მისი საბაზრო ღირებულება 30%-ით არის შემცირებული.
Hyundai-ს საოპერაციო მოგება 21%-ით შემცირდა, თუმცა კომპანია რობოტოტექნიკაში ინვესტიციებს ზრდის
Hyundai-ს მეორე კვარტალის საოპერაციო მოგება 21%-ით, 2.9 ტრილიონ ვონამდე შემცირდა. ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება შიდა ბაზარზე გაყიდვების 16%-იანმა კლებამ, აშშ-ში ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმებამ და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ გამოიწვია. მზარდი კონკურენციის ფონზე, მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტოკონცერნი საქმიანობის დივერსიფიკაციას გეგმავს. Hyundai ზრდის ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტოტექნიკაში. კომპანია Boston Dynamics-ზე სრულ კონტროლს დაამყარებს და 2028 წლიდან აშშ-ის ქარხანაში ჰუმანოიდურ რობოტ Atlas-ს დანერგავს.
Tesla-ს შემოსავალი 26%-ით გაიზარდა, თუმცა წმინდა მოგება და ფულადი ნაკადი შემცირდა
Tesla-ს მეორე კვარტალის შემოსავალი 26%-ით გაიზარდა და $28.24 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზებს აღემატება. თუმცა, წმინდა მოგება 5%-ით, $1.11 მილიარდამდე შემცირდა. გაუარესება ხელოვნურ ინტელექტსა და კვლევებში კაპიტალური დანახარჯების 47%-იანმა ზრდამ ($4.35 მლრდ) გამოიწვია, რამაც თავისუფალი ფულადი ნაკადის $1.1-მილიარდიანი დეფიციტი განაპირობა. შედეგად, Tesla-ს აქციის ფასი პრემარკეტზე 4%-ით შემცირდა.
ჩინური PHEV-ები ევროპის ბაზარს იპყრობენ: ევროკავშირი ახალ ტარიფებს ამზადებს
ევროკავშირის მიერ ელექტრომობილებზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ჩინურმა მწარმოებლებმა აქცენტი დამუხტვად ჰიბრიდებზე (PHEV) გადაიტანეს. შედეგად, ივნისში ჩინურმა ბრენდებმა ევროპაში PHEV-ების გაყიდვების 34%-იანი წილი დაიკავეს. შექმნილი ვითარების საპასუხოდ, ევროკომისია ჩინეთიდან იმპორტირებულ ჰიბრიდებზეც ახალი სატარიფო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. შესაძლო სანქციების თავიდან ასაცილებლად, ისეთი მსხვილი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა BYD და SAIC, ევროპის ტერიტორიაზე (უნგრეთსა და ესპანეთში) საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების მშენებლობას უკვე ახორციელებენ.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 39.3%-ით გაიზარდა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $89 მილიონის ღირებულების 6 087 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.3%-ით მეტია. მთავარი მომწოდებელი ბაზრიდან, აშშ-იდან იმპორტი 58.4%-ით გაიზარდა და $63.1 მილიონი (4 891 ერთეული) შეადგინა. უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან ჩინეთი ($14.07 მლნ) და გერმანია ($5.5 მლნ). შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ელექტრომობილების იმპორტი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს და აქციზისგან გათავისუფლებულია.





























