მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

LBLBLB

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Apple-მა უპილოტო ელექტრომობილების წარმოება გადაიფიქრა

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად პროექტზე ათწლიანი მუშაობისა, Apple-მა ელექტრომობილების წარმოება გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ელექტრომობილების პროექტზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასზე 2 000-მდე ადამიანი მუშაობდა.

BBC-ს ცნობით, პროექტში დასაქმებული ადამიანები Apple-ის ხელოვნური ინტელექტის დივიზიას შეუერთდებიან.

The Apple Car Team კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ ქუკის პროექტში, “განსაკუთრებული პროექტების გუნდის” სახელით იყო ცნობილი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტის მიმდინარეობისას ჯგუფმა მილიარდობით დოლარი დახარჯა ისეთი ავტომობილის პროტოტიპის შექმნაში, რომელიც სრულად თვითმართვადი იქნებოდა, საჭისა და პედლების გარეშე. მოსალოდნელი იყო, რომ საბოლოო პროდუქტს Apple წლების განმავლობაში ვერ წარადგენდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება AI ტექნოლოგიებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მიიღო. როგორც Counterpoint-ის უფროსი ანალიტიკოსი, ივან ლამი აღნიშნავს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სმარტფონების გაყიდვები 2024 წელს 100 მილიონს გადააჭარბებს, 2027 წლისთვის კი - 500 მილიონს. სამაგიეროდ, ელექტრომობილებზე მოთხოვნა მცირდება, კონკურენცია კი მაღალია.

ჩინურმა BYD-მ საზოგადოებას Ferrari-ს კონკურენტი ელექტრო სუპერქარი წარუდგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ, BYD-მ საზოგადოებას ახალი თაობის ელექტრონული სუპერქარი წარუდგინა. მისი ფასი 235,000 დოლარიდან იწყება და მან კონკურენცია Ferrari-ს, Lamborghini-ს და McLaren-ის სუპერქარებს უნდა გაუწიოს.

ამ ექსტრავაგანტური ავტომობილის სახელწოდებაა Yangwang U9 და ის ჩინური ინჟინერიის პიკია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად U9-ს 2 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ს მიაღწევს. შედარებისთვის, მსგავსი შესაძლებლობების მქონე Ferrari დაახლოებით 3-ჯერ უფრო ძვირი ღირს, თუმცა, ცხადია, ამ ორი ბრენდის ერთმანეთთან შედარება აზრს მოკლებულია.

როგორც ცნობილია, U9-ს ჯამური სიმძლავრე 1,306 ცხენის ძალას აღემატება და ის 1,680 ნიუტონ/მეტრ გაწევას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ელექტრომობილი აღჭურვილია 800-ვოლტიანი არქიტექტურით, რაც მის სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს. თუკი BYD-ს დავუჯერებთ, სუპერქარს ერთი დამუხტვით 450 კილომეტრის გავლა შეეძლება, თანაც საკმაოდ მაღალი სიჩქარით.

U9-სთან დაკავშირებით ყველაზე უცნაური თვისება მის დაკიდების სისტემას, DiSus-X-ს უკავშირდება, რომელიც ელექტრომობილს ახტომის, ცეკვის და მოსახვევში დაწოლის საშუალებას აძლევს. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს სისტემა Nürburgring-ზე, Spa-ზე ან Silverstone-ზე, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


Mercedes-Benz-მა ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი ბრენდის სტატუსი მოიპოვა

ისტორიაში პირველი ავტომობილის შემოქმედმა, Mercedes-Benz-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი ბრენდის სტატუსი მოიპოვა.

Brand Finance-ის შეფასებით, Mercedes-ის ბრენდი დაახლოებით 59.4 მილიარდი დოლარი ღირს და ის თითქმის $1 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე ჩამოქვეითებულ Tesla-ს. რეიტინგის ხუთეულში ასევე ვხედავთ: Toyota-ს, Porsche-სა და BMW-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მხოლოდ ბრენდის და მასთან ასოცირებული იმიჯის შეფასება და არა უშუალოდ კომპანიის, რადგან ამ პარამეტრით Tesla პირველობას არ თმობს, ვინაიდან, ის საფონდო ბირჟაზე 611 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. შედარებისთვის, Mercedes-Benz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $83 მილიარდს შეადგენს, რაც 7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის.

ბრენდის ღირებულება იმაზე მიუთითებს, თუ როგორი ცნობადობით, პრესტიჟითა და აღიარებით სარგებლობს ბრენდი საზოგადოებაში. ამ მაჩვენებლით, როგორც ჩანს, ისევ 138-წლიანი ისტორიის მქონე გერმანული ბრენდი ლიდერობს.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 82%-ის ასაკი 10 წელს აჭარბებს

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 680 436 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც წლიურად 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის უდიდესი ნაწილი მოძველებულია, ვინაიდან რეგისტრირებული ავტომობილების 82%-ის ასაკი 10 წელს აღემატება. ავტომობილები ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება:

210 700 ავტომობილის ასაკი 5-დან 10 წლამდეა;
46 500 ავტომობილის 2-დან 5 წლამდე;
33 000 ავტომობილის 2 წელი ან ნაკლებია;
7 300 ავტომობილის ასაკი უცნობია.

2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა დაწესდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს. რეგულაცია უკვე აისახა იმპორტზე და იანვარში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48.1%-ით შემცირდა.

საქართველოში 5 052 ელექტრომობილია რეგისტრირებული

2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 5 052 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, რაც 2022 წელთან შედარებით 54%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოში ჯამური ავტოპარკი 1 680 436 ავტომობილითაა წარმოდგენილი. დეტალური შემადგენლობა კი ასეთია:

მსუბუქი ავტომობილები - 1 438 585;
სატვირთო - 117 986;
სამგზავრო (მიკროავტობუსები, ავტობუსები) – 54 147;
სპეციალური დანიშნულების - 69 621.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები