კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
Onvo L60 - Bentley-ის ექსტერიერით შთაგონებული ჩინური ქროსოვერი
ჩინურმა ავტომწარმოებელმა "ნიომ", ახალი საოჯახო კროსოვერი წარადგინა. L60 NIO-ს დაბალბიუჯეტური ქვებრენდის Onvo-ს ხაზში იწარმოება.
L60 კუპე-კროსოვერი სრულად ელექტროა და არაჩვეულებრივი ექსტერიერით გამოირჩევა, გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილის დიზაინზე, Bentley-ის ექსტერიერის დიზაინის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, რაულ პირესი მუშაობდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ ავტომობილი გაიყიდება Onvo-ს ბრენდის ქვეშ. სახელწოდება კი შემოკლებულია სიტყვებისგან "On Voyage", რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "მოგზაურობაში".
Onvo L60-ის შესახებ ბევრი მონაცემი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა მწარმოებელი მას Tesla Model Y- ის პირდაპირ კონკურენტად თვლის.
რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, სიახლეს 900 ვოლტიანი ბატარეები აქვს, გამოირჩევა ჰაერის წინააღმდეგობის საკმაოდ დაბალი კოეფიციენტით 0,229 და დაბალი ენერგიის მოხმარებით - 12,1 კილოვატ/სთ 100 კილომეტრზე. ელექტრომოტორის სიმძლავრე ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ მანძილის დიაპაზონი 555-დან 730 კილომეტრამდე იქნება.
ჩინეთში Onvo L60-ის გაყიდვები სექტემბერში დაიწყება. საწყისი ფასი 219,9 ათასი იუანი იქნება, რაც 31,000 დოლარის ეკვივალენტია.
როგორია ახალი Aston Martin Vantage?
ბრიტანულმა Aston Martin-მა ახალი თაობის სპორტული გრანდ-კუპე Vantage წარადგინა, რომელიც დიზაინით ფლაგმანური DB12-ის უმცროს ძმად შეიძლება ჩაითვალოს.
ჯეიმს ბონდის საყვარელი ავტომობილი ისევ ისეთი ელეგანტური, დახვეწილი და სპორტულია, როგორიც Aston Martin-ის ლეგენდარულ ბრენდს შეეფერება. ტრადიციულ ფორმებთან და კლასიკურ პროპორციებთან ერთად, Vantage-ს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოარჩევს, რაზეც მისი განახლებული ინტერიერი მიუთითებს. რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მხარს, Vantage-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ Mercedes-AMG GT63-ის მექანიკური ტყუპისცალი, რადგან მას AMG-ის წარმოების 4.0-ლიტრიანი V8 ტიპის ტურბირებული ძრავა აქვს, რომელიც 656 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიჩქარის კოლოფს და სხვა მექანიკური ნაწილებსაც Vantage და GT63 იზიარებენ.
შესაძლოა, ერთი შეხედვით, GT63-თან ასეთი მსგავსება ნაკლად ჩაითვალოს, თუმცა, რეალურად, ეს Aston Martin-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რადგან Mercedes-AMG-ზე უკეთესი ძრავის შექმნის რესურსი ბრიტანულ კომპანიას ფიზიკურად არ აქვს, თუმცა დიზაინითა და სტილით Vantage-ს მართლაც შეუძლია ნებისმიერ სპორტულ GT-ს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.
Aston Martin Vantage-ის საწყისი ფასი 200,000 დოლარს შეადგენს და ის ამ პარამეტრით Porsche 911-ის კონკურენტია.
Rolls-Royce-მა ახალი Cullinan SUV წარადგინა
ბრიტანულმა Rolls-Royce-მა ახალი თაობის დიქტატორმზიდი პრემიუმ-SUV წარადგინა, რომელიც ტრადიციულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაჩინო სინთეზია.
ახალ ავტომობილს შეცვლილი გრაფიკა, განახლებული ოპტიკა და შედარებით დინამიკური ბამპერი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს Cullinan-ის პირველი "რესტაილინგია", ამიტომ მასთან მიმართებით რადიკალურ ცვლილებებს არ მოელოდნენ, რადგან პირველი თაობის პრემიუმ-SUV ისედაც იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ ის Rolls-Royce-ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად იქცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტთა ნაწილი ახალ დიზაინს აკრიტიკებს, რადგან მან ის მონოლითური სტრუქტურა, ჰორიზონტალური ხაზები და სიმკაცრე დაკარგა, რომელიც Cullinan-ის პირველ ვერსიას გამოარჩევდა.
შერბილებული ფორმების მიუხედავად, Rolls-Royce-ის ტრადიციული ცხაურა, რომელსაც ბრიტანელები პანთეონს უწოდებენ, ისევ ისე მკაცრად და მომნუსხველად გამოიყურება, როგორც თავად რომის პანთეონი, რომელიც RR-ის შთაგონების წყაროა.
ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, ავტომობილი აღჭურვილია 6.7 ლიტრის მოცულობის 12-ცილინდრიანი ტურბირებული ძრავით, რომელიც დაახლოებით 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და გარემოზე ზრუნვის გარდა, ყველაფერს აკეთებს.
როგორც RR-ს შეეფერება, ახალი ავტომობილი მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და გარე სამყაროსგან იზოლირებულია, რადგან მისმა მგზავრებმა მხოლოდ V12-ის გუგუნი ან 18-დინამიკანი აუდიოსისტემის ხმა გაიგონ.
ახალი Cullinan-ის საბაზისო მოდელის ფასი დაახლოებით 400,000 დოლარიდან იწყება და ის მარტივად აჭარბებს ნახევარმილიონიან ნიშნულს.
Mercedes-ის დირექტორი ჩინეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია
გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტის, Mercedes-Benz-ის გენერალური დირექტორი ოლა კალენიუსი ევროკავშირის მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციებისა და შეზღუდვების წინააღმდეგია.
როგორც Mercedes-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ჩინეთი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიებისთვის მთავარი სარეალიზაციო ბაზარია, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება კი პეკინს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს, რაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ეკონომიკას დააზიანებს.
კალენიუსის განცხადება პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის ინიციატივასთან, ტარიფები დააწესოს ან სრულად აკრძალოს ჩინური ელექტრომობილების იმპორტი EU-ს მასშტაბით.
ქუთაისში, წელს ჩინური ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება
ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ამბობს, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობის მოწყობა იგეგმება.
ელჩმა აღნიშნა, რომ პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება, სავარაუდო ადგილი კი ქუთაისია. მისი განმარტებით, ჩინური კომპანიები ფიქრობენ, რომ საქართველოში ინვესტირება უსაფრთხო და მოგებიანია.
„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ჩინური კომპანიების კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს. „ჰუალინგთან“ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. წესით, წელს უკვე უნდა იყოს“,- თქვა ელჩმა.