კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
ევროკავშირი ჩინურ ელექტრომობილებზე 38%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 38%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. როგორც კანონმდებლების აღნიშნავენ, პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია და ინიციატივა მალე მიიღებს საბოლოო კანონის სახეს.
38%-იანი ტარიფის ამოქმედება იმას ნიშნავს, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე ელექტრომობილების შედარებით ძვირად გაყიდვა მოუწევთ, რაც ევროპულ კომპანიებთან მიმართებით მათ უპირატესობას ამცირებს.
ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზად კანონმდებლები ავტოინდუსტრიის ზომას ასახელებს და სექტორის ეკონომიკურ გავლენას. მოგეხსენებათ, ავტომობილების წარმოების ინდუსტრია 2 ტრილიონ 110 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ამ ბიზნესის უმსხვილესი მოთამაშეები ევროპული კომპანიები არიან, მთავრობები კი პროტექციონისტული პოლიტიკით მათ დაცვას ცდილობენ.
ევროპასა და ამერიკაში კარგად ესმით, რომ სუბსიდირებული ჩინური ლეგიონის დამარცხება ფასების ომში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებას გამოსავლად სანქცირების გზა აქვს დარჩენილი, ზემოხსენებული ინიციატივა კი სწორედ ამ ეკონომიკური იარაღის გამოყენების მზაობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი გიგანტის, Mercedes-Benz-ის გენერალური დირექტორი ოლა კალენიუსი ევროკავშირის მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციებისა და შეზღუდვების წინააღმდეგია.
როგორც Mercedes-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ჩინეთი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიებისთვის მთავარი სარეალიზაციო ბაზარია, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება კი პეკინს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს, რაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ეკონომიკას დააზიანებს.
Hyundai Motor India, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე დაილისტოს
სამხრეთკორეული საავტომობილო გიგანტის, Hyudai-ის ინდური შვილობილის, Hyundai Motor India-ს აქციები, შესაძლოა, საფონდო ბირჟაზე დაილისტოს. როგორც ინდურ მედიაში წერენ, შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ინდოეთის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭოს Hyundai რამდენიმე კვირის შუალედში მიმართავს და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ 60-დან 90 დღემდე შუალედში მიიღებს, ანუ IPO, სავარაუდოდ, სექტემბერში ან ოქტომბერში შედგება.
თუკი IPO მართლაც შედგა, $2.5-მილიარდიანი გარიგება ინდოეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი განთავსება იქნება. ამ დრომდე, IPO-ს შედეგად ამხელა ინვესტიციის მოზიდვა მხოლოდ ინდოეთის სიცოცხლის დაზღვევის კორპორაციამ მოახერხა, 2022 წელს. იშვიათია თავად საავტომობილო კომპანიების მიერ ინდოეთის საფონდო ბირჟაზე დალისტვის გადაწყვეტილებაც, რადგან ამ დრომდე, ამ გზას მხოლოდ იაპონური Suzuki-ის შვილობილმა მიმართა, ისიც 2003 წელს.
კომპანიის აქციების ინდოეთის საფონდო ბირჟაზე განთავსება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც სამხრეთკორეული გიგანტის ჰეგემონიის გაზრდას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით SUV-ის სეგმენტში. საქმე ისაა, რომ Hyundai-ის მიერ ინდოეთში გაყიდული ავტომობილების 67% სწორედ SUV-ია.
56 მლრდ დოლარი - Tesla ილონ მასკს რეკორდულ ბონუსს გადაუხდის
Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის, ილონ მასკისთვის 56 მლრდ დოლარის ოდენობის რეკორდული კომპენსაციის პაკეტის გადახდას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
”უბრალოდ, მინდა, დავიწყო იმით, რომ მე თქვენ მიყვარხართ, ბიჭებო,” - განაცხადა მასკმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ. პაკეტი თავდაპირველად 2018 წელს დამტკიცდა, მაგრამ ერთ-ერთი აქციონერის სარჩელის შემდეგ დელავერის სასამართლომ ის გააუქმა. ექსპერტების შეფასებით, კენჭისყრა არ ნიშნავს იმას, რომ მასკი თანხას ავტომატურად მიიღებს, რადგან აქციონერთა გადაწყვეტილება სასამართლომ შესაძლოა, არ აღიაროს.
Tesla-ს დირექტორთა საბჭოში აცხადებენ, რომ მასკი იმსახურებს ასეთ ჯილდოს, რადგან კომპანიამ მისი ხელმძღვანელობით ამბიციურ მიზნებს მიაღწია და მილიარდერს უნდა მიეცეს სტიმული, რომ Tesla-ს ერთგული დარჩეს. აქციონერთა გადაწყვეტილების შესახებ ცნობების ფონზე Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა, რაც, Wedbush Securities-ის ანალიტიკოს დენ აივისის შეფასებით, ინვესტორების ნდობას ასახავს და მასკის მიერ კომპანიის დატოვების რისკს ამცირებს.
Archer Aviation-მა აშშ-ში მფრინავი ტაქსების სერვისის ამოქმედებაზე შუალედური დასტური მიიღო
ამერიკულმა -მა მარეგულირებლისგან აშშ-ში საჰაერო ელექტროტაქსების სერვისის და ე.წ. “მფრინავი ტაქსების” შეკეთების ლიცენზიები მიიღო. აღნიშნული დასტური, მართალია, შუალედურია და კომპანიას ქვეყნის თავზე მფრინავი ავტომობილებით ადამიანების გადაყვანის უფლებას არ აძლევს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს FAA-ის სრული ლიცენზიისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. ტექნიკური კვლევების დასაწყებად ამერიკულ კომპანიას სულ მცირე ერთი დამატებითი ლიცენზია სჭირდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ Archer Aviation-ის მიერ წარმოებულ საჰაერო ელექტროტაქსის, Midnight-ს უნდა მიანიჭოს, ანუ დაადასტუროს, რომ ეს საჰაერო ხომალდი სრულ თანხვედრაშია შესაბამის სტანდარტებთან.
ამ ეტაპზე, Archer Aviation-ის ანგარიშში მხოლოდ ერთი მოდელი, Midnight-ი ირიცხება, რომელიც ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომი თვითმფრინავია. Midnight-ი მბრუნავი მზიდი ხრახნითაა აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ ის ვერტმფრენივით ფრინდება და ჯდება, მაგრამ თვითმფრინავივით გადაადგილდება. კონკრეტულად ამ მოდელის საჰაერო ტაქსიში ოთხი მგზავრი და მძღოლი ეტევა, ხოლო თავად ელექტროტაქსი, ელემენტების სრული დამუხტვით, მაქსიმუმ 160 კილომეტრს გადის, რა დროსაც 240 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.
თავად Archer Aviation-ი 2018 წელს დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და მალევე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 2021 წელს, Archer Aviation-ის ინვესტორებს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია, United Airlines-ი გამოჩნდა, რომელმაც კომპანიას 200 საჰაერო ტაქსის დამზადება დაავალა, რისთვისაც კომპანიებს შორის $1-მილიარდიანი გარიგება გაფორმდა. მოგვიანებით, Archer Aviation-მა კიდევ ერთი საინტერესო კონტრაქტი გააფორმა და საჰაერო ტაქსების წარმოება ჰოლანდიურ ჰოლდინგ Stellantis-ს გადააბარა.