კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
Denza Z – BYD-ის ელექტრო სპორტული კონცეპტი
2025 წლის შანხაის საერთაშორისო ავტოშოუზე BYD-ის პრემიუმ ქვებრენდმა Denza-მ ახალი კონცეპტუალური მოდელი Denza Z წარადგინა. Denza Z-ის ვიზუალი უშუალოდ მიძღვნილია მაღალი წარმადობის ავტომობილების ესთეტიკისკენ. მისი დაბალი და ფართო კორპუსი, გამოკვეთილი აეროდინამიკური ხაზები და მონსტრული უკანა სპოილერი ქმნიან სპორტული სტილის იმიჯს.
Denza Z ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კონცეპტია. მოდელი აგებულია BYD-ის უახლეს e³ პლატფორმაზე, რომელიც მორგებულია მაღალი წარმადობის ელექტრომობილებისთვის.
Denza Z აღჭურვილია BYD-ის ექსკლუზიური DiSus-M აქტიური საკიდარი სისტემით, რომელიც ავტომატურად ადაპტირდება გზის საფარის და სვლის სტილის მიხედვით. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ავტომობილს ყოველთვის შეინარჩუნოს სტაბილურობა, მაქსიმალურად გადაანაწილოს წონა და უზრუნველყოს ეფექტური მანევრირება როგორც ქალაქში, ისე სარბოლო ტრეკზე.
Saudi Aramco და BYD სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ
საუდის არაბეთის უმსხვილესმა ნავთობის კომპანიამ, Saudi Aramco-მ, ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთის ელექტრომობილების გიგანტთან, BYD-თან. პარტნიორობის მიზანია ახალი თაობის ელექტრომობილებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება, რაც რადიკალურად შეცვლის საუდის არაბეთის ტრანსპორტის ეკოსისტემას.
შეთანხმება გაფორმდა Aramco-ს შვილობილ კომპანიასთან, Saudi Aramco Technologies Company (SATC). როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, თანამშრომლობა მოიცავს ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
შეთანხმება შედგა იმავე თვეში, როცა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ოფიციალურად წარადგინა საკუთარი გეგმები საუდის არაბეთის ბაზარზე. Tesla გეგმავს ონლაინ გაყიდვებს, pop-up მაღაზიებსა და დამტენი სადგურების განვითარებას მთავარ ქალაქებში.
Tesla და BYD დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი EV მწარმოებლები არიან, თუმცა BYD-ის სწრაფი გაფართოება და შედარებით იაფი მოდელები Tesla-ს ბაზრის წილზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს.
Nio-ს ახალი ბიუჯეტური ბრენდი Firefly
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლის Nio-ს ახალი ბიუჯეტური ბრენდი Firefly ოფიციალურად წარადგინეს Auto Shanghai 2025-ის გამოფენაზე. პრესკონფერენციის ფარგლებში, კომპანიის CEO უილიამ ლიმ გამოაცხადა, რომ Firefly-ის ელექტრომობილი 2025 წლის ბოლომდე 16 ქვეყანაში გავა, 5 კონტინენტზე. წარსულში, Nio მხოლოდ პირდაპირი გაყიდვების მოდელს იყენებდა, როგორც ჩინეთში, ასევე ევროკავშირის ბაზრებზე. თუმცა, Firefly-ის გლობალური გაფართოებისთვის Nio ახალ მიდგომას იყენებს: მესამე მხარის დილერები და პარტნიორები ადგილობრივ ბაზრებში. ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებულ ქვეყნებში კომპანია შეინარჩუნებს პირდაპირ გაყიდვებს, ხოლო ახალ ბაზრებზე ძირითადად ადგილობრივი დილერების საშუალებით შევა.
Firefly-ის გაყიდვები ჩინეთში 29 აპრილს დაიწყება, ხოლო ევროპაში ბრენდი ხელმისაწვდომი იქნება ივნისიდან აგვისტომდე. Firefly EV არის კომპაქტური ჰეჩბექი, რომელიც განსაკუთრებით ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
CATL-ის ახალი EV-ბატარეა ხუთ წუთში იმუხტება — რა წარმოადგინა კომპანიამ შანხაიში?
ელექტრობატარებიის მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელმა, ჩინურმა CATL-მა შანხაის ავტოშოუზე რამდენიმე ინოვაცია წარმოადგინა. ჩინურმა კორპორაციამ შექმნა ელექტრობატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება და ავტომობილში მოთავსების შემდეგ, ელექტრომობილს 520-კილომეტრიან გასავლელ მანძილს აძლევს. თავად პლატფორმა 1,300-კილოვატიანია, მაგრამ დამუხტვის სიჩქარეს სიცივეშიც ინარჩუნებს, როცა ელექტრომობილების დამუხტვა გაცილებით რთულია. იმ გარემოში, სადაც ტემპერატურა -10°C-მდე ჩამოდის, ელექტრობატარეა 80%-მდე სულ რაღაც 15 წუთში იმუხტება.
ახალი ბატარეის გარდა, CATL-მა ნატრიუმ-იონურ ტექნოლოგიაზე დაშენებული ახალი ბატარეა, NAXTRA წარმოადგინა. როგორც ჩინურ კომპანიაში ამბობენ, ახალი ტექნოლოგია გამოიცადა, როგორც ექსტრემალურად ცხელ, ასევე ექსტრემალურად ცივ პირობებში და ის მზადაა კომერციალიზაციისთვის. ნატრიუმ-იონური ტექნოლოგია ლითიუმ-იონური ტექნოლოგიის გაუმჯობესებულ ვარიანტად ითვლება, რადგან ის უფრო იაფია, ხოლო ასეთ პლატფორმაზე დაშენებული მანქანები უფრო დიდხანს გადის და მალე იმუხტება.
CATL-ის საბაზო კაპიტალიზაცია $138 მილიარდს აღემატება. ჩინური კონგლომერატის მთავარ კლიენტებს შორის არიან, როგორც ამერიკული Tesla და Ford-ი, ასევე გერმანული Volkswagen-ი, BMW და Mercedes-Benz-ი, იაპონური Toyota და Honda, კორეული Hyundai და რამდენიმე ჩინური ავტომწარმოებელი, მათ შორის Geely, NIO, Xpeng-ი და Li Auto.
TESLA-ს მოგება და შემოსავლები მკვეთრად შემცირდა - რა სჭირს ილონ მასკის კომპანიას?
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, Tesla-ს შემოსავალმა ამ პერიოდში $19.3 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კომპანიას არასახარბიელო შედეგები აქვს მოგების მიმართულებითაც, რადგან პირველ კვარტალში ამ პარამეტრმა $3.15 მილიარდი შეადგინა, რაც 15%-იან კლებას წარმოადენს. საერთო ჯამში, პირველ კვარტალში Tesla-მ მსოფლიოს მასშტაბით 336,681 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც რაოდენობრივად 13%-იან კლებას წარმოადგენს. ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ ფიგურად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა.
როგორც ჩანს, ამ რთულ ვითარებას უკვე თავად ილონ მასკიც აცნობიერებს, რომელიც აცხადებს, რომ ის ეტაპობრივად DOGE-ის მართვის პროცესს ჩამოშორდება და ისევ Tesla-ს მენეჯმენტს დაუბრუნდება, რაც კომპანიის ინვესტორთათვის სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს.





























