მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP - 10 ეკონომიკური მოვლენა

5f674ffa4f77a
ირაკლი მაკალათია
20.09.20 17:00
2050
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (14-19 სექტემბერი 2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 12.3%-იანი კლება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები
2. როგორ შეიცვალა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის II კვარტალში
3. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კვლავ $40 მილიონი დოლარი გაიყიდა - რამდენად არის გაზრდილი ფულის მასა და როგორია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა
4. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა
5. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები გაიზარდა
6. NDI-ს სოციოლოგიური კვლევის ეკონომიკური ნაწილის შეფასება შედეგები
7. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა II კვარტალში
8. პარლამენტმა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა
9. ბიზნესს ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურების ვალდებულება არ ექნება
10. "იმუშავე საქართველოდან" პროექტის შედეგები



1. 2020 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 12.3%-იანი კლება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

2020 წლის II კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3%-ით შემცირდა, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-13.2%), მშენებლობა (-24.5%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40.0%) ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.6%), დამამუშავებელი მრეწველობა (-12.1%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-15.5%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-24.1%). ხოლო ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (14.3%), განათლება (11.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.7%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6.4%). 2020 წლის 7 თვეში კი ქვეყნის ეკონომიკა 5.7%%-ით.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს: საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ხოლო ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით 2021 წელს დაახლოებით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ. 5%-იან კლებას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ხოლო აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 4.5%-იან ზრდას ელოდებიან. 

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3mw9uT4 ; https://bit.ly/3crspdn ; https://bit.ly/3cgDlKx ; https://bit.ly/2EgX2Fu  

2. როგორ შეიცვალა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის II კვარტალში

2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა. საქმიანობების სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში ფიქსირდება: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი; მშენებლობა – 1 621.4 ლარი. რაც შეეხება ხელფასების განაწილებას სქესის მიხედვით: ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5%-ით,ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 1%-ით. 
 
ვრცლად ხელფასების სტატისტიკის შესახებ: https://bit.ly/2ZSDfUA ; https://bit.ly/32Ksc1q  

3. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კვლავ $40 მილიონი დოლარი გაიყიდა - რამდენად არის გაზრდილი ფულის მასა და როგორია სავალუტო რეზერვების სტატისტიკა

16 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა, რამაც სასურველი შედეგები ვერ მოიტანა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.01 თეთრით გაუფასურდა. 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჯამში 410 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 12.55 მილიარდ ლარს მიაღწია".

იმ ფონზე, რომ ეროვნული ბანკი აუქციონზე აშშ დოლარს ყიდის, რომ დააბალანსოს აშშ დოლარისა და ლარის მასა, საპირისპიროდ ზრდის ლარის მასას რაც იწვევს კიდეც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. თუ მსგავსი ღონისძიებები, როგორიცაა ლარის ჭარბი რაოდენობით გამოშვება, გაგრძელდა, მაშინ ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გაყიდვა შედეგს ვერ მოიტანს და პირიქით სავალუტო რეზერვებსაც შეამცირებს.

31 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა სარეკორდო ნიშნულს $3.93 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც COVID-19-ის კრიზისის პირობებში მოზიდული ახალი საგარეო ვალის პირობებში მოხდა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2RP0zOl ; https://bit.ly/2ZOiQjt  ; https://bit.ly/32Ma9bj  

4. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული რელიზის მიხედვით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალშიც გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. მომდევნო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვის თანახმად, დაახლოებით 120 ათას მსესხებლისათვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა უცვლელი დარჩა. მათი მონაცემებით, 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1800-ით, სადაც 28,6% სამომხმარებლო ტიპის სესხია, ხოლო პირველ ადგილზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია. "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლები კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ზედმეტად ფრთხილი მიდგომად აფასებენ ხოლო, ინფლაცია შეიძლება მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდეს, რაც ეროვნულ ბანკს აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/33ZtxB9 ; https://bit.ly/2RIftWP  

5. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები გაიზარდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 25.8%-ით გაიზარდა და 184.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ყველაზე მეტი თანხა ტრადიციულად რუსეთიდან გადმოირიცხა (34.94 მლნ აშშ დოლარი). გარდა რუსეთისა, გადმორიცხვების მიხედვით ტოპ 5 ქვეყანა შემდეგია: იტალია 27.95 მილიონი აშშ დოლარი; აშშ 22.05 მილიონი აშშ დოლარი; საბერძნეთი 20.64 მილიონი აშშ დოლარი; ისრაელი 14.30 მილიონი აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ მსხვილი ფულის გადმომგზავნი ქვეყნებიდან წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად ისრაელიდან მიღებული გზავნილები გაიზარდა (187.06%-ით). აქვე იმასაც დავამატებთ, რომ მსოფლიო ბანკის შეფასების თანახმად, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა.
ვრცლად ფულადი გზავნილების სტატისტიკის შესახებ: https://bit.ly/3cdNmrQ  

6. NDI-ს სოციოლოგიური კვლევის ეკონომიკური ნაწილის შეფასება შედეგები

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 6-11 აგვისტოს ჩატარდა და 2 045 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის შედეგების ეკონომიკური შეფასება კი შემდეგია: გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა (67%) ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. შემდეგ მოდის: ფასების ზრდა/ინფლაცია - 33%; სიღარიბე - 22%; დაბალი ხელფასები - 20%; ლარის გაუფასურება - 18%; მაღალი გადასახადები - 11%; კორონავირუსი 10%; საზღვრების ჩაკეტვა - 6%; კორუფცია/ნეპოტიზმი და ტურისტების ნაკლებობა - 5-5%. გამოკითხულთა 24% თავს უმუშევრად მიიჩნევდა, რაც ივლისთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 32% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა დიდ ნაწილს ტურიზმი კვლავ საუკეთესო ეკონომიკურ შესაძლებლობად მიაჩნია. სოფლის მეურნეობის განვითარებას პრიორიტეტად სოფლად დასახლებული ადამიანების 75% ასახელებს, ხოლო თბილისში გამოკითხულთა 8%. მომდევნო კითხვა შეეხებოდა დაგროვებითი საპენსიო პროგრამის სანდოობას, სადაც აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების 80% დაგროვებით საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის, ხოლო სისტემაში ჩართული მოქალაქეების 38% აცხადებს, რომ რეფორმას გამოეთიშებოდა.  

კითხვაზე მთავრობის მხრიდან რა პროგრამები დაეხმარებოდა თქვენს ოჯახს ყველაზე მეტად" გამოკითხულთა 29% კითხვაზე პაუხად უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, 26% - კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, ხოლო 24% - დასაქმების პროგრამას. ამასთან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გამოკითხულთა 43%-მა მთავრობისგან დახმარება მიიღო, ხოლო 57%-ის თქმით დახმარება არ მიუღიათ.

ვრცლად NDI-ს კვლევის შედეგები: https://bit.ly/3kB8bjQ ; https://bit.ly/3mzYqV3 ; https://bit.ly/2ZTT90T ; https://bit.ly/32NlxUe  

7. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა II კვარტალში

2020 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.2%-ით შემცირდა. ვიზიტორების 40.7% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.8% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ვიზიტების უმრავლესობა (47.9%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, ხოლო ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 135.0 ათასი ვიზიტი თვეში). 2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 89.2 მილიონი ლარით, რაც 25.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ხარჯები ძირითადად დაკავშირებულია: საყიდლებზე; საკვებზე და ტრანსპორტზე.  

16 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა გაიმართა, დელეგატებს შორის იყვნენ ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ღონისძიების ბოლოს ქართულ მხარეს მიმართა, რომ ხშირად გაიმართოს საქართველოში მსგავსი ღონისძიებები და გამოიყენონ მისი შესაძლებლობები. მისი თქმით საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მეთაურობით შექმნის პროცესშია დამოუკიდებელი $100 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ასევე წარადგინეს ტურიზმის განვითარების პროექტი წარადგინა, რომელსაც „მსოფლიო“ (Pueblo) ჰქვია და რომლის მიზანიც მიტოვებული სოფლების აღდგენაა.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/3hGLfhu ; https://bit.ly/32M44vp ; https://bit.ly/3hU5SHe ; https://bit.ly/3cgtqEM  

8. პარლამენტმა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

78 მომხრე 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი რომან კაკულიას ავტორობით მომზადდა. რომელიც, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად. კანონში ასევე არის დემპინგის შესახებ ჩანაწერი, რომლის აღსრულებაც კონკურენციის სააგენტოს დაევალება. კანონის მიხედვით, თუ კონკურენციის სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიამ ანტიდემპინგური კანონი დაარღვია, უფლება ექნება სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით და ისეთი ვალდებულებები დააკისროს, როგორებიცაა: წილების, აქტივების გაყიდვა; რეოგრანიზაციის განხორციელება და სხვა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3mMHMSm  
ანტიდემპინგური კანონის ეკონომიკური ფასი: https://bit.ly/2FK0JEu  

9. ბიზნესს ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურების ვალდებულება არ ექნება

პარლამენტმა "შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა, თუმცა საბოლოო პროექტში ერთი ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესს ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურების ვალდებულება არ ექნება. ზეგანაკვეთური შრომა მოქმედ კოდექსში არსებული მუხლის შესაბამისად - ნორმირებული სამუშაოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდება. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაციას’’, სადაც აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონის მიღება აისახებოდა კომპანიის ხარჯებზე, რაც გამოიწვევდა მათი მხრიდან წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდას.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3cc0rSE  


10. "იმუშავე საქართველოდან" პროექტის შედეგები

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ინფორმაციით პროექტში "იმუშავე საქართველოდან" 600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. მოქალაქეობის მიხედვით აპლიკანტების ყველაზე დიდი წილი მოდის რუსეთზე (26%) და აშშ-ზე (21%). აპლიკანტების 55% ეკუთვნის - Freelancer-ს, 24% - Full-Time Employee-ს და 21% - Entrepreneur-ს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/32QllDX

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები