საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის, დოკუმენტის განხილვა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები/იურისტები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს ასოციაციის წევრებიც.
„დოკუმენტი მოიცავს - 2024-2026 წლების პერიოდში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებს, არსებულ გამოწვევებს, რომლებსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აწყდებიან და იმ აუცილებელ ზომებს მიმოიხილავს, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მისაღწევად არის საჭირო.
სტრატეგია ასახავს - მომხმარებელთა დაცვის სფეროში, ევროკავშირის და სხვა ქვეყნებში მიღებულ საერთაშორისო გამოცდილებას. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ დღის წესრიგს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშებს. ასევე, ევროკავშირის უახლეს კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და 2015 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე მიღებულ მიზნებს (Sustainable Development Goals, SDGs) - მსოფლიოს განვითარების „დღის წესრიგი“ 2015-2030 წლებისთვის.
სტრატეგია შემუშავებულია - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ეროვნული კომპეტენტური ორგანოების - საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიისა და მომხმარებლის დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული პასუხების, რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.