მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარება სებ-ის “რეგულირების ლაბორატორია” ფინტექ სტარტაპებს? - ვასილ შენგელიას პასუხი

finteq

2019 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო “რეგულირების ლაბორატორია” შექმნა, რომელიც ეროვნული ბანკს დაქვემდებარებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის ფინტექ კომპანიებს, საშუალებას აძლევს, რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები. მისი გამოყენების მიზანია, ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების საჭიროების გამოკვეთა, საფინანსო სექტორში ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოცდა და მათი განვითარების ხელშეწყობა. ამავე მიზნითაა შექმნილი სებ-ის “ინოვაციების ოფისიც”, რომელიც ფინტექ კომპანიებსა და სებ-ის ზედამხედველებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ჩარჩოს შექმნას ისახავს მიზნად.

როგორ ეხმარება სებ-ის “რეგულირების ლაბორატორია” ფინტექ სტარტაპებს - ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში სებ-ის წარმომადგენელი, ვასილ შენგელია საუბრობს.

“საზედამხედველო ჩარჩო უკვე ძალიან კომპლექსურია და შესაძლოა, ფინტექ სტარტაპისთვის საკმაოდ რთული იყოს მასში გარკვევა. სწორედ მათ დასახმარებლად დაფუძნდა “ინოვაციების ოფისი”, რომელზე მიმართვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. “ინოვაციების ოფისის” მიზანი კი მათი ინოვაციური იდეების რეგულატორისთვის მისაღებ ბიზნესმოდელად ქცევაა.

“რეგულირების ლაბორატორიის” ფარგლებში, 4 წლის განმავლობაში, უკვე შემუშავდა ერთი დებულება, ერთიც დასრულების ეტაპზეა. არაერთი ფინტექი შემოვიდა რეგულირების ლაბორატორიის ზედამხედველობაში და ამ ეტაპზე ოთხი სხვადასხვა მოდელი იტესტება”, - ამბობს ვასილ შენგელია.

სებ-ის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ფინტექ სექტორის საზედამხედველო ტექნოლოგიის განვითარების ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ახალი პლატფორმა აამოქმედა, რომელიც როგორც დაკრედიტების მსურველებს, ისე სესხის გამცემ ორგანიზაციებს ეხმარება.

“2022 წელს განხორციელდა ცვლილება, რის საფუძველზეც, შესაძლებლობა მოგვეცა შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ფინტექ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაცილებით მსუბუქი მოთხოვნებით დაიწყონ ოპერირება, შესთავაზონ ინოვაციური, ნიშური სერვისები მომხმარებლებს, წამოიღონ სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის საკრედიტო ბიუროდან, მონაცემები, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა მოდელებით ამუშავებდეს პლატფორმა და სესხის გამცემ ორგანიზაციას აწვდიდეს, რომლებიც საბოლოოდ მომხმარებელს სხვადასხვა შეთავაზებას სთავაზობენ. აქამდე თუ მომხმარებელს სხვადასხვა ორგანიზაციაში მისვლა სჭირდებოდათ, ახლა ერთი პლატფორმიდან შეუძლიათ ყველა ამ შეთავაზების მიღება და მათთვის საუკეთესოს არჩევა”, - განმარტავს ვასილ შენგელია.

BMG-ის ეთერში სებ-ის წარმომადგენელი “რეგულირების ლაბორატორიის” გაფართოების გეგმებსაც აანონსებს და აცხადებს, რომ, რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით, სულ მალე ქართულ ფინტექებს ახალ საზედამხედველო ჩარჩოს შესთავაზებენ.

“რეგულირების ლაბორატორიის” გაფართოებაზე ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს. სურვილი გვაქვს, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან გვქონდეს ე.წ. cross industry sandbox-ები, ვმუშაობთ სხვა იურისდიქციებთანაც. სებ-ი გლობალური რეგულირების ლაბორატორიის წევრიცაა, და უკვე გვქონდა ორი შემთხვევა, როდესაც ჩართული ვიყავით სხვადასხვა საერთაშორისო რეგულატორებთან კონკრეტული "სოლუშენების" ტესტირებაში ან საშუალება მივეცით ქართულ ფინტექებს, სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე გასულიყვნენ. ვმუშაობთ ბილატერალურ კონტრაქტებზე ჩვენს მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, საერთო "სენდბოქსები" შევთავაზოთ მომხმარებელს”, - ამბობს ის.

სებ-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, დაინტერესებული პირებისთვის “რეგულირების ლაბორატორია” და “ინოვაციების ოფისი” მუდამ ღია და უკუკავშირის გასაცემად მზადყოფნაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები