ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით გაფართოვდა. მარეგულირებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარ მიზანს დაკრედიტების პროცესის გამარტივება და მოსახლეობისათვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა.
როგორც სებ-ის წარმომადგენელი, ვასილ შენგელია, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ უცხოეთიდან ფულადი გზავნილების საფუძველზე სესხის გაცემის პროცესი გამარტივდა.
“2023 წლის მარტიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ეს ინფორმაცია უკვე გროვდება და შესაძლებელია ის გადაეცეს სესხის გამცემ ორგანიზაციას, დაკრედიტების პროცესში დახმარების მიზნით.
ამის მთავარი სარგებელი ისაა, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ფულადი გზავნილებისა და გზავნილების საშუალებით სესხის მიმღები პირების რაოდენობა. ჩვენ ვნახეთ, რომ გზავნილების ადრესატები მათ სხვადასხვა ორგანიზაციაში ანაღდებენ და სესხის აღებისთვის საკმაოდ ბევრი შრომა უწევდათ: მიეღოთ ამონაწერი ყველა იმ ორგანიზაციიდან, საიდანაც გზავნილი ბოლო 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში გაანაღდეს - ჩვენი მიზანი იყო, რომ გაგვემარტივებინა ეს პროცესი ერთი მხრივ მათთვის, მეორე მხრივ სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის”, - ამბობს ვასილ შენგელია.
აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე აქვთ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.
ცნობისთვის, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა.