“ღია ბანკინგის” რეგულაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბანკის მომხმარებელთა საბანკო მონაცემები თითოეული ბანკისათვის ხელმისაწვდომი ხდება. უფრო კონკრეტულად, ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.
სებ-ის ინფორმაციით, “ღია ბანკინგი ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას და მონაცემებზე დაფუძნებული ფინტექ ბიზნესს მოდელების განვითარების საფუძველია”.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ქვეყანაში ღია ბანკინგის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები 2019 წლიდან დაიწყო და 2021 წლიდან მისი ამოქმედებით დაგვირგვინდა. რას გეგმავს სებ-ი წელს ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის, ამ საკითხზე BMG-ის ეთერში ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, ვასილ შენგელია საუბრობს.
“2023 წლის მაისიდან ღია ბანკინგში ჩართვა უკვე შესაძლებელი გახდა არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც - ღია ბანკინგი გახდა სრულიად ღია. ამ ეტაპზე რა სერვისებიც გვაქვს, ესენია: ანგარიშზე ინფორმაციის, ნაშთებისა და ამონაწერის გაზიარების, გადახდების ინიცირებისა და ომბორდინგის სერვისები.
2024 წელს დაგეგმილი გვაქვს გადახდების ნაწილში ცვლილებები, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის გადახდების, განმეორებითი და მომავლის თარიღით გადახდების დამატება და სხვა. გარდა ამისა, 31 აგვისტოდან გათვალისწინებული გვაქვს სესხებსა და დეპოზიტებზე დეტალური ინფორმაციის გაზიარება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მისთვის სასურველ ერთ აპლიკაციაში გააერთიანონ მისი სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, მისი თანხმობითვე გამოიყენოს მესამე პირმა, მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების მოძიებისთვის”, - განმარტავს ვასილ შენგელია.